კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისებისთვის 5.2 მილიონი ლარი გამოიყოფა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან მარი ზანაქიძესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კარდიოლოგებს, კარდიოქირურგებს და გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს მიერ კარდიოლოგიის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ექიმებისგან მოისმინა სფეროში არსებული საჭიროებები და მოსაზრებები, ხოლო პაციენტებმა აუდიტორიას საკუთარი მკურნალობისა და გამოჯანმრთელების ისტორია გაუზიარეს.
კლინიკის კარდიოქირურგმა მაჰირ ბალაქიშიევმა სამინისტროს პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პაციენტების მკურნალობის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აფართოებს და აუმჯობესებს გულის ქირურგიისა და კარდიოლოგიური მომსახურების დაფინანსებას და ითვალისწინებს არა მხოლოდ თანამედროვე მკურნალობის ხელმისაწვდომობას, არამედ დროულ დიაგნოსტიკას, პრევენციას და თითოეული პაციენტის საჭიროებაზე მორგებულ მხარდაჭერას.
უწყების ინფორმაციით, 2027 წელს სამინისტრო კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისების დაფინანსებას კიდევ 700 000 ლარით გაზრდის და პროგრამისთვის ჯამში 5.2 მილიონი ლარი გამოიყოფა.