ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 28 სექტემბრიდან ღამის საათებში დროებით შეიზღუდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში, დროებით შეიზღუდება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას-02:00-დან 07:00 საათამდე
„აღნიშნული რეჟიმი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს. დღის საათებში ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
შეზღუდვის პერიოდში, ფოთი-სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ბათუმის შემოვლითი გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძიდან ქალაქ ბათუმის გავლით იმოძრავებს და სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ზე დაუკავშირდება.
სარფი-ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს,“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.