„ფესვები საქართველოა“
ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში, სპექტაკლის „ფესვები საქართველოა“ ჩვენება გაიმართა. იგი საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან თემებს აერთიანებს და მაყურებელს აცნობს „გზას ილია მართალიდან ილია მეორემდე“. სპექტაკლში ქედის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩანგი“, სკოლის მოსწავლეები, აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების წარმომადგენლები და ხულოს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „არგინეთის“ წევრები მონაწილეობდნენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი ქვეყნის ისტორია და კულტურა უკეთ გაიცნონ. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებას, ახალგაზრდების შემოქმედებით განვითარებას და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას. მადლობა თითოეულ მონაწილესა და ორგანიზატორს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის“, – თქვა მისალმებისას ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.
პროექტი „არ დავივიწყოთ ქართული“ 2026 წელს აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება.
ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „მომავლის პალიტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
ცოტნე ცაბაძე