„ABBA ტრიბიუტი“ – ბათუმელების მიერ აჟღერებული ლეგენდარული ჰიტები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში
28 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე შვედური ლეგენდარული ოთხეულის, „აბბა“-ს უკვდავი ჰიტები გაცოცხლდა. ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის მიერ წარმოდგენილმა შოუ-კონცერტმა „აბბა ტრიბიუტი“ მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები და ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული აჩუქა.
კონცერტი ცოცხალი მუსიკის, შთამბეჭდავი სცენური გაფორმების, ვიდეოკოლაჟების, თეატრალიზებული ელემენტებისა და არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ნომრების სინთეზით გამოირჩეოდა. სცენაზე მუსიკოსებთან ერთად, მოცეკვავეებიც განსაკუთრებულ სანახაობას ქმნიდნენ, ბენდის ცოცხალი შესრულების ფონზე, მათი დინამიკური და ენერგიული ცეკვა შოუს კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და ემოციურ დატვირთვას სძენდა. მსოფლიო პოპმუსიკის ეპოქალურმა კომპოზიციებმა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ახალი სიცოცხლე შეიძინა, დარბაზში კი მთელი საღამოს განმავლობაში საზეიმო ატმოსფერო სუფევდა.

– საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ მუსიკალური თეატრის ახალგაზრდებთან. ჯერ ქალბატონი მანანა ჩაუშბა მუშაობდა მუსიკალური კუთხით სოლისტებთან და გუნდთან ერთად, შემდეგ ქორეოგრაფი თამუნა ბერიძე ჩაერთო და საცეკვაო ნომრები დაიდგა. ბოლო 2 კვირა 8-9-საათიანი ყოველდღიური რეპეტიციები გვქონდა. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა. საკმაოდ ძნელია ლეგენდარული ჰიტების თანამედროვე მსმენელამდე არანჟირებით მიტანა, თან მინიმალური შესაძლებლობებით. თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვიდა და მაყურებელმაც ძალიან კარგად მიიღო. ყველა რგოლი – ტექნიკურიდან დაწყებული, შემოქმედებითი გუნდით დამთავრებული, შესანიშნავად მუშაობდა. არაჩვეულებრივი იყო ლომგულ მურუსიძის სცენოგრაფია, განათების ოსტატებმა, მოცეკვავეებმა ძალიან გაალამაზეს შოუ და ვფიქრობ, კონცერტიც შედგა. დიდი მადლობა მაყურებელს, – გვითხრა დამდგმელმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ.
– საკმაოდ სპეციფიკური სამუშაო გვქონდა, ქალბატონ მანანასთან და ბატონ გოჩასთან ერთად, მომღერლების საოცარი ნიჭიერებით და გულისხმიერებით შევძელით კარგი შედეგის მიღება. საკმაოდ დიდი კოორდინაცია სჭირდებოდა ყველაფერს, რადგან მომღერალს კონცენტრაცია ყოველთვის სიმღერაზე აქვს და ამ დროს რთულია, ყურადღება ნაბიჯზე ან ხელის მოძრაობაზე გადაიტანო. ეს ავტომატურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს და თან სინქრონულად. აქედან გამომდინარე, საკმაოდ შრომატევადი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ, ვფიქრობ, კარგად გაართვეს თავი. იყო თანამედროვე ცეკვები, კონტერპორარი, ლათინური, რეტროს სტილი, ჯაზი და თვითონ „აბბას“ მოძრაობებიც. ერთი სიტყვით, მრავალფეროვანი კომპოზიციები გვქონდა, – გვითხრა ქორეოგრაფმა თამარ ბერიძემ.

– კონცერტის მსვლელობისას ძალიან ემოციური მომენტები იყო, ბევრი ვიშრომეთ ამისთვის და ვფიქრობ, გაამართლა. სრული ანშლაგი იყო დარბაზში, რაც სასიხარულოა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კონცერტს ისევ გავიმეორებთ და მაყურებლებს გავახერებთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს რეჟისორს, ბატონ გოჩა კაპანაძეს, ქორმაისტერს – მანანა ჩაუშბას, ჩვენს დირექციას და თითოეულ სტუმარს – მობრძანებისთვის! – გვითხრა მომღერალმა ლარგო თურმანიძემ. მუსიკალურმა საღამომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ლეგენდარული მუსიკის მარადიულობა და მისი უნარი, გააერთიანოს თაობები და შექმნას განსაკუთრებული ემოციური კავშირი სცენასა და მაყურებელს შორის.
გაგაცნობთ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც შოუ-კონცერტზე მუშაობდა: დამდგმელი რეჟისორი – გოჩა კაპანაძე, პროექტის ავტორი, ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი – მანანა ჩაუშბა, მხატვარ-სცენოგრაფი – ლომგულ მურუსიძე, მთავარი ქორეოგრაფი – თამარ ბერიძე, მხატვარ-დიზაინერი – ნესტან ნიჟარაძე, განათების და გახმოვანების ტექნიკური მენეჯერი – ვაჟა ცისკარიძე, მხატვრული განათება – კახა გიგინეიშვილი, გახმოვანება – ვერა ქებულაძე, ტექნიკური გახმოვანება ჯაბა მახარაძე, რეჟისორის თანაშემწე – ლანა მამეიშვილი, მუსიკალური თეატრის ხელმძღვანელი – თენგიზ შამილაძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორი – ირაკლი დევაძე.

კონცერტში მონაწილეობდნენ: თეა გელოვანი, ირაკლი გოგიტიძე, მარიამ ძნელაძე, რამაზ ვარშანიძე, ნინო კახიძე, დავით აბესლამიძე, პაატა ფაცია, მარიამ კახიძე, ირაკლი გვარჯალაძე, ნატა ფრუიძე, ნუკრი ბერიძე, მარიამ დევაძე, ლარგო თურმანიძე, ქეთი ჯიჯავაძე, აკა პაპუნიდი, ანასტასია თურმანიძე, ალექსანდრე ზედანია, ნინო ხალვაში, მადონა მგელაძე, ირაკლი ჩაუშბა, ქრისტინა კალანდაძე და ალექსანდრე კარასევი.
ბენდი: აკუსტიკური გიტარა – ილია შავიშვილი, ბას-გიტარა – ლაშა ქათამაძე, კლავიში – გიორგი ტრაპაიძე, დრამი – ირაკლი ბოლქვაძე.
მარიამ ხითარიშვილი
გალერეა
