წარსულის კვალი – თანამედროვე დიზაინში
By

წარსულის კვალი – თანამედროვე დიზაინში

როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვე ხელოვნების ნაწილად იქცეს ისე, რომ მისი მთავარი არსი და იდენტობა არ დაიკარგოს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიებაა აჭარის ხელოვნების მუზეუმში გახსნილი გამოფენა – „ტრადიციული მემკვიდრეობა დიზაინში“, რომელიც ქართული კულტურის ტრადიციულ ელემენტებს თანამედროვე დიზაინისა და კერამიკის ენით წარმოგვიდგენს.

ექსპოზიციაზე რამდენიმე ქართველი ხელოვანის კერამიკული ნამუშევარია წარმოდგენილი. სხვადასხვა თაობისა და შემოქმედებითი გამოცდილების მქონე ავტორები ტრადიციულ ფორმებსა და ორნამენტებს საკუთარი ხედვითა და ინტერპრეტაციით აცოცხლებენ, რითაც წარსულსა და თანამედროვეობას შორის ერთგვარ ხიდს ქმნიან.

გამოფენის მნიშვნელობასა და მის იდეაზე აჭარის ხელოვნების მუზეუმის მმართველი ლელა ცხოიძე საუბრობს: – „დღეს წარმოდგენილია გამოფენა „ტრადიციული მემკვიდრეობა დიზაინში“. ექსპოზიციაში გაერთიანებულია კერამიკა, კოლხური მემკვიდრეობით შთაგონებული ფორმები და აჭარული ნაქარგობის მოტივები. დღევანდელი გამოფენის იდეის ავტორი გახლდათ ქალბატონი ლია კასპელაშვილი, რისთვისაც მადლობას ვუხდი მას. ასევე, მადლობა კულტურის სამინისტროს და მინისტრს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, მუდმივი მხარდაჭერისთვის, მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ქალბატონ თეონა ზოიძეს, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მუზეუმის ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი. არაერთი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ“.

გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ხაზიც სწორედ ტრადიციული მემკვიდრეობის თანამედროვე ხელოვნებაში გარდაქმნას უკავშირდება – რა გზით გადადის წარსულის გამოცდილება თანამედროვე სივრცეში და როგორ შეიძლება ტრადიციული ორნამენტი, ფორმა თუ ხელობის ტექნიკა თანამედროვე დიზაინში ისე გამოვიყენოთ, რომ მისი ავთენტურობა არ დაიკარგოს. ამ საკითხებზე გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე, კერამიკის არტისტი ბექა ტაბაღუა საუბრობს. მისი თქმით, თანამედროვე კერამიკა მხოლოდ ფორმისა და ფუნქციის შექმნას აღარ გულისხმობს და მასში ქართული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაც მნიშვნელოვანი ნაწილია.

– მიხარია, რომ ვარ აღნიშნული გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე. დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი კერამიკის არტისტების ნამუშევრები. ეს არის რვა წლის განმავლობაში ჩვენი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები. თანამედროვე კერამიკის გამოფენა, არ ნიშნავს, რომ ნამუშევრებში არ არის შენარჩუნებული ქართული სული და მემკვიდრეობა. ფაქტობრივად, ყველა ნამუშევარი ქართული მოტივებსა და ორნამენტზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერპრეტაციითა და მოდერნიზებით. თითოეულ ნამუშევარს აქვს თუნდაც პატარა, აჭარული თუ კოლხური ორნამენტი. აღმოსავლეთ საქართველოდანაც გვაქვს გადმოტანილი სხვადასხვა დეტალი და ეს ყველაფერი შეძლებისდაგვარად მოქცეული გვაქვს თანამედროვეობაში. შევეცადეთ, ექსპოზიცია გაგვეკეთებინა ისე, რომ მაქსიმალურად მასშტაბური გამოსულიყო. ნამუშევრებიც საკმაოდ ბევრია, კარგი გამოფენა გამოგვივიდა.

კერამიკული ნამუშევრები ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით პოპულარული გახდა, ძირითადად, ინტერიერში. დღეს კერამიკა აღარ არის მარტო ქოთანი, ჭიქა და თეფში. სასტუმროები, კერძო დიზაინერები, კოლექციონერებიც აქტიურად იყენებენ კერამიკას სხვადასხვა დეტალში.

ჩემი ნამუშევრები, მაგალითად, სკულპტურა, ინტერიერისთვის არის განკუთვნილი, ასევე, ექსტერიერისთვისაც. ჩემს მიერ შექმნილი სკულპტურები სხვადასხვა ქვეყანაში ღია სივრცეებში, პარკებშია განთავსებული, საქართველოში კი სხვადასხვა გალერეასა და სასტუმროში.

ქართველი კერამიკოსები ვცდილობთ, რაც უნდა თანამედროვე, ინოვაციური ნამუშევარი შევქმნათ, ჩვენი კულტურული იდენტობა აუცილებლად ჩავრთოთ ნამუშევრებში. პირადად მე, ყოველთვის ამ მიმართულებით ვმუშაობ, – გვითხრა ბექა ტაბაღუამ.

„ტრადიციული მემკვიდრეობა დიზაინში“ მხოლოდ კერამიკული ნამუშევრების ერთ სივრცეში თავმოყრას არ წარმოადგენს. ექსპოზიცია აჩვენებს, რომ ტრადიცია შეიძლება იყოს არა მხოლოდ წარსულის შემონახული ფორმა, არამედ თანამედროვე შემოქმედებისთვის ახალი იდეების წყაროც. ქართული ორნამენტი, კოლხური კულტურის სახეები და აჭარული ხელოვნების ელემენტები ახალ ფორმებს იძენს და თანამედროვე სივრცეში საკუთარი ადგილის პოვნას აგრძელებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ კულტურული მემკვიდრეობის გაგრძელება მხოლოდ მისი უცვლელი შენარჩუნება არ არის, მისი სიცოცხლისუნარიანობა იმაშიც გამოიხატება, თუ როგორ ახერხებს ახალი თაობა მის ხელახლა გააზრებას, გარდაქმნას და თანამედროვე ხელოვნებისთვის შეხამებას.

 

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *