„თუ უკრაინა საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს“…
სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიუნგის განცხადებით, „შემდგომ ზომებს“ მიმართავს, თუ უკრაინა საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ გაამჟღავნა ინფორმაცია სამხრეთში ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის გადაყვანის შესახებ. მისი თქმით, საქმე ეხება კორეელი ხალხისა და ერის ღირსებას. ამასთან, ლიმ კიევი „კორეის ნახევარკუნძულზე ომის პროვოცირების მცდელობაში“ დაადანაშაულა.
„ღრმა სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ შეთანხმების ფაქტების აღიარებისა და ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ისინი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გარდაუვალ სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობენ“, – აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინფორმაცია უკრაინიდან ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა, რამაც სეულის უკმაყოფილება გამოიწვია. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული საკითხი კონფიდენციალურად უნდა დარჩენილიყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ შექმნილი ვითარება „დიპლომატიურ გაუგებრობად“ შეაფასა და დასძინა, რომ კიევი მის მოსაგვარებლად მუშაობს.