საერთაშორისო კონფერენცია – „ჯეოანესთეზია 2026“ ოფიციალურად გაიხსნა
ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში IX საერთაშორისო კონფერენცია – „ჯეოანესთეზია 2026“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
„მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს, უპირველესად, იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიებას სწორედ ბათუმი მასპინძლობს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა საერთაშორისო ექსპერტებთან უშუალო კომუნიკაციისთვის, უახლესი გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენი მხრიდან ყოველთვის გამოვთქვამთ მზაობას, ხელი შევუწყოთ თანამედროვე და ინოვაციური მედიცინის განვითარებას, რათა მოსახლეობისთვის თანამედროვე სამედიცინო სერვისები და მიდგომები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ შეხვედრას“, – აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
კონფერენცია მულტიდისციპლინურია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სეფსისის დიაგნოსტიკასა და მართვას ეთმობა. კონფერენციაში მონაწილეობენ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის სფეროს წამყვანი სპეციალისტები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება ხელს უწყობს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე სამედიცინო მიდგომებისა და პრაქტიკის განხილვას, ასევე ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
კონფერენცია „ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის“ ორგანიზებით იმართება.