შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეას ესწრება
By

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეას ესწრება

საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე, რომელიც ტანზანიაში იმართება. ეს ასამბლეა გამორჩეულია იმით, რომ ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა მოხდება, რომელიც გასულ 2023 წელს ავირჩიეთ, თავად მოქმედი პრეზიდენტი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეა, ეს ღონისძიება აქ ამიტომაც იმართება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე 180-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი.
„შესაძლებლობა მექნება, რომ ასამბლეის ფარგლებში ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე. რა თქმა უნდა, ასევე ორმხრივი შეხვედრები იქნება ევროპის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციასთან. ეს ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს და პარლამენტების გაერთიანებას წარმოადგენს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასამბლეა იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკის აქტიური წარმოება მომხდარიყო. წელს ასამბლეაზე გაწევრიანდა ნაურუ. შესაძლებლობა გვექნება, რომ ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესაც შევხვდეთ. იცით, რომ ცოტა ხნის წინ ნაურუმ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა და ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. მას ამ ასამბლეის წევრობისთვის, შესაბამისად, გზა გაეხსნა და შესაძლებლობა გვექნება, რომ ორმხრივ ფორმატშიც ვისაუბროთ და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართოთ. გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან, უკეთესია, უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს. საქართველოს საელჩოები ყველა ქვეყანას ვერ ფარავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია არის შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილას სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
„თავისთავად, როდესაც გეოგრაფიულად შორს მყოფი ქვეყნებია, მათთვის შორიდან შეიძლება ასე მტკივნეულად არ ჩანდეს ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს აქვს, თუმცა სწორედ ორმხრივი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, მათ ავუხსნათ, რომ ეს გამოწვევები შეიძლება მათთვის გეოგრაფიულად შორს არის, მაგრამ ახლოს არის საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემატიკის თვალსაზრისით, რადგან თუ მსოფლიოს ერთ ადგილას დაირღვა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, ის დაირღვევა მეორე ადგილასაც და პრეცედენტებს აქვს ხოლმე ძალიან ცუდი განვითარება. ამიტომ ამგვარი ასამბლეები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს კოლეგებთან პირადი კომუნიკაცია გვქონდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *