პროფესიული განათლება ახალი შესაძლებლობების გზაზე – ბათუმმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები, თანამედროვე ტექნოლოგიები, საერთაშორისო გამოცდილება და ის შესაძლებლობები, რომლებიც სფეროს განვითარებასა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა გაძლიერებას ემსახურება, ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მთავარი თემები იყო.
პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენციამ – „პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ საქართველოში მოქმედი პროფესიული განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებს, უცხოელ პედაგოგებსა და ექსპერტებს გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა მისცა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მან პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაში მასწავლებლის განსაკუთრებულ როლსა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.„ყოველწლიურად იზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება, ვითარდება კოლეჯების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინერგება სწავლების თანამედროვე მიდგომები და ციფრული ტექნოლოგიები. თუმცა, ძლიერი პროფესიული განათლების სისტემის მთავარი საფუძველი კვალიფიციური და პროფესიონალი მასწავლებელია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და პარტნიორობის გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, პროფესიული განათლების მასწავლებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა პროექტს, მათ შორის საერთაშორისო სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის პროგრამას, სადაც მათ აქვთ საშუალება, გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა, გაეცნონ სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი ისინი საკუთარ კოლეგებსა და პროფესიულ სტუდენტებს გაუზიარებენ.
კონფერენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც უცხოელი ექსპერტების ცოდნის, გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას იხლევა, ამასთან, ხელს უწყობს ახალი პროფესიული კავშირების დამყარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ცალსახად დადებითად აისახება ჩვენი მასწავლებლების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო კოლეჯების დირექტორები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, უცხოელი პედაგოგები, ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე გლობალურ ტენდენციებზე, ინოვაციებსა და არსებულ გამოწვევებზე ემსჯელათ, ასევე, ერთმანეთისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება გაეზიარებინათ.
კონფერენცია თემატურ პანელსა და რამდენიმე პარალელურ სესიას მოიცავდა, რაც მონაწილეებს კონკრეტული მიმართულებებისა და პრაქტიკული გამოცდილების უფრო ფართოდ განხილვის შესაძლებლობას აძლევდა.
ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და პროფესიული განათლების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისა და თანამშრომლობის გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
ნანა აბულაძე