ბათუმში 10 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა
მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. დასრულებულია ფილა-ბორდიურების, გარეგანათებისა და სპორტული მოედნის მოწყობა, ასევე საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების მონტაჟი. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერის მიმდებარედ დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა გამწვანება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ტბეთის ქუჩა №60-დან თამარ მეფის გამზირამდე, მდინარე ყოროლისწყალზე, სადაც 840 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კედელი მოეწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
დასრულების ეტაპზეა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, №31-№39 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციაც. განახლდა სპორტული მოედანი, მოეწყო საბავშვო სივრცე, ახალი სანიაღვრე სისტემა, დასასვენებელი ზონები და გამწვანება.
საკრებულოს თავმჯდომარესა და ქალაქის მერთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ, მათ მოსაზრებებს გაეცნენ და უბანში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ბათუმში 10 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ამჟამად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და წლის განმავლობაში, ჯამში, 18 მისამართზეა დაგეგმილი.