დენის სალუქვაძე ქედელ მევენახეებს შეხვდა
By

დენის სალუქვაძე ქედელ მევენახეებს შეხვდა

შემოდგომის დადგომასთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში რთველის სამზადისი განსაკუთრებულ ტემპს იძენს. ადგილობრივი მევენახეების მხარდასაჭერად და მოსავლის აღება-ჩაბარების შეუფერხებელი პროცესის უზრუნველსაყოფად, ქედას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, ეწვია.

ვიზიტის მიზანი ფერმერებთან პირდაპირი დიალოგი და სეზონური გამოწვევების ადგილზე განხილვა იყო. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რთველის წარმატება უწყებასა და მევენახეებს შორის შეთანხმებულ, კოორდინირებულ მოქმედებაზეა დამოკიდებული.

„მევენახეობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ჩვენი პირველადი ამოცანაა, რთველის პერიოდში ფერმერებს მაქსიმალური ხელშეწყობა გავუწიოთ, რათა მათ მიერ შრომით მოყვანილი მოსავალი დროულად და ორგანიზებულად ჩაბარდეს. აუცილებელია თითოეული ფერმერის საჭიროების მოსმენა და არსებული საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას და მუდმივად ვიქნებით მათ გვერდით“, -განაცხადა დენის სალუქვაძემ.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, მინისტრი უშუალოდ ეწვია ქედელ მევენახეებს საკარმიდამო ნაკვეთებში, ადგილზე დაათვალიერა ვენახების მდგომარეობა, შეაფასა მოსავლის ხარისხი და პირადად გაეცნო ადგილობრივების ყოველდღიურ საჭიროებებს.

მოგვიანებით, დელეგაციამ ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო „KTW“-ში გადაინაცვლა, სადაც მინისტრმა ქარხნის ტექნიკური მზადყოფნა და ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესის ორგანიზება შეამოწმა.

აჭარაში ვენახების საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 82 ჰექტარი ქედის მუნიციპალიტეტშია. განსაკუთრებული ადგილი ვაზის უნიკალურ ჯიშ „ჩხავერს“ უკავია, რომელსაც რეგიონში 20 ჰექტარი ეთმობა.

მეღვინეობის დარგის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წელს სამინისტროს სპეციალური პროგრამით 400-მდე ადგილობრივი მევენახე ისარგებლებს. პროექტი, რომლის ჯამური თანადაფინანსება 800 000 ლარს შეადგენს, საოჯახო ღვინის წარმოების მხარდაჭერაზეა მიმართული, ფერმერები თანადაფინანსებით შეძლებენ ღვინის დაყენებისა და მოვლისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარისა და მოწყობილობების შეძენას.

მინისტრთან ერთად ქედაში იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა შესაბამისი უწყება სრულ მზადყოფნაშია, რათა ქედაში წლევანდელი რთველი ორგანიზებულად, მშვიდ და ნაყოფიერ გარემოში წარიმართოს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *