ფესტივალი „ზე-კართან“ ფრიდონ და ზაზა ხალვაშების სახელოვნებო სივრცეში დაიწყო
By

ფესტივალი „ზე-კართან“ ფრიდონ და ზაზა ხალვაშების სახელოვნებო სივრცეში დაიწყო

 

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ უკვე მეთოთხმეტედ იმართება. წელს მონაწილეთა რაოდენობა 20-მდეა. ორგანიზატორმა ვახტანგ ბერიძემ ტრადიციულად მონაწილენი, ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების სახელოვნებო სივრცეში მიიპატიჟა. ცნობილ მწერალ ფრიდონ ხალვაშისა და მისი შვილის, ასევე ცნობილ რეჟისორ ზაზა ხალვაშის ეზოსა და სახელოვნებო სივრცეს ზაზას მეუღლე ნინო პაპუნიძისა და მუზეუმის მენეჯერ ლეილა კეკელიძის სახით, სანიმუშო პატრონი ჰყავს.

ისინი  მწერლებსა და ხელოვანებს ეზოში შეეგებნენ და სახლ-მუზეუმში მიიპატიჟეს. ფესტივალის მონაწილეთაგან რამდენიმე უკვე იცნობდა მუზეუმის ექსპონატებს, რამდენიმე კი პირველად იმყოფებოდა აქ, მათ შორის საქვეყნოდ აღიარებული პოეტის, ტარიელ ხარხელაურის მეუღლე მარინა ხარხელაური.

– ბატონი ფრიდონი და ტარიელი, ბატონი ზაზა და ტარიელი კარგი მეგობრები იყვნენ. ტარიელი ამ ფესტივალის მონაწილე უკვე იყო და ყოველთვის დიდი სიყვარულით იგონებს აჭარის მთიანეთში გატარებულ დღეებს. მეც მოხიბლული ვარ აქაურობით. ასეთი ღონისძიებები ადამიანებთან, რეგიონის მკვიდრებთან დაახლოების საშუალებაა, – გვითხრა მარინა ხარხელაურმა..

ხელოვნების სივრცის ნაწილია კინოდარბაზი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. დარბაზში მყოფ ფესტივალის მონაწილეებსა და ადგილობრივებს ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე მიესალმა და ორი ღირსეული მამულიშვილის მოღვაწეობის ცალკეული ეპიზოდები გაიხსენა, ისაუბრა ზაზა ხალვაშის იმ ფილმის შესახებ, რომლის სანახავადაც ფესტივალის სტუმრები  შეიკრიბნენ. მონაწილეებს მიესალმნენ ნინო პაპუნიძე და ლეილა კეკელიძე.

ფილმის ჩვენება დასრულდა თუ არა, ვახტანგ ბერიძემ მედიატორობა ფესტივალის მრავალგზის მონაწილე გორელ პოეტსა და მეცნიერ გიორგი ხორბალაძეს ანდო. მან ლექსების წაკითხვის შემდეგ,  დიდი მოწიწებით დაუთმო სცენა ტარიელ ხარხელაურს. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნინო მოდრეკილაძე და ელგუჯა მარღია, სალომე ლომინაძე და ბადრი წულაძე,  ანა სურმანიძე და  მარი მიდასელი, ქეთი ჯოლბორდი და ჟანა ანანიძე, საგურამოს, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე. ბოლოს სცენა ყველა ფესტივალის მონაწილე ბელა  ქებურიას დაეთმო. მან გაიხსენა ის ურთიერთობები, რაც ფრიდონ და ზაზა ხალვაშებთან ჰქონდა და აღნიშნა, რომ აპირებს წიგნად გამოსცეს ბუმბერაზ პიროვნებებთან დაკავშირებული დღიურები და სხვა ჩანაწერები.

ფესტივალის მონაწილეებს გეგელიძეებისა და ახოს პირველი საჯარო სკოლის  პედაგოგები და მოსწავლეები შეუერთდნენ. მოსწავლეებმა ფესტივალის მონაწილე პოეტებისა და ფრიდონ ხალვაშის ლექსები წაიკითხეს.

ხალვაშების სახელოვნებო სივრცეში გამართული ღონისძიება მიხეილ გაბაიძის ფილმ „ვაზომოტორული რინიტის“  ჩვენებით დასრულდა. ავტორმა და  ფესტივალის მონაწილეებმა ფილმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

– ასაკი ხშირად თავს მახსენებს, – გვითხრა ტარიელ ხარხელაურმა, – ალბათ ფრიდონ და ზაზა ხალვაშების სულის მადლი იყო, რომ დაღლა ვერ ვიგრძენი. მომავლის მოლოდინით ვტოვებ გეგელიძეებს.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *