,,რუკაზე კარგი მდებარეობა შესაძლებლობაა, კარგი პოლიტიკა კი -მისი გამოყენების ინსტრუმენტი “
By

,,რუკაზე კარგი მდებარეობა შესაძლებლობაა, კარგი პოლიტიკა კი -მისი გამოყენების ინსტრუმენტი “

გამართული სატრანზიტო ლოგისტიკა, სტაბილური პოლიტიკური გარემო, ინვესტიციები, ეკონომიკური კეთილდღეობა ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, მით უმეტეს, ჩვენს რეგიონში, რომელსაც მნიშვნელოვანი მდებარეობა გააჩნია და სადაც ზესახელმწიფოები ერთმანეთს უპირისპირდებიან. სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება ანალიტიკური ორგანიზაცია „ევროპული პოლიტიკის“ ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ნიჟარაძე.
– როგორც ვიცი, მონაწილეობდით საერთაშორისო ღონისძიებაში „Unlock Your Potential“, სადაც სპიკერის სტატუსით იყავით წარმოდგენილი. რას ემსახურებოდა აღნიშნული ღონისძიება და რა იყო მისი მთავარი მიმართულებები?
– ეს გახლდათ საგანმანათლებლო/საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც თბილისში ჩატარდა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს აერთიანებდა, ძირითადად კი განხილული იყო საერთაშორისო პროცესები, ეკონომიკა, ფინანსური სამყარო, ინვესტიციები და თანამედროვე გლობალური გამოწვევები. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ ღონისძიება მხოლოდ ერთი მიმართულებით არ შემოიფარგლებოდა და მონაწილეებს სხვადასხვა პერსპექტივის მოსმენის შესაძლებლობას აძლევდა. ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებებისა და სივრცეების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისა და ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
– მომხსენებლებმა, ძირითადად, რა საკითხები განიხილეს და აქცენტები რაზე გაკეთდა?
– საუბარი შეეხებოდა ეკონომიკურ, ფინანსურ და გეოპოლიტიკურ პროცესებს, თუ როგორ მოქმედებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები საინვესტიციო გარემოზე. აღსანიშნავია, რომ დღეს ამ თემების ცალ-ცალკე განხილვა რთულია. მაგალითად, ტრამპის საგარეო პოლიტიკის ცვლილებები, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი – ერთი შეხედვით, ეს პოლიტიკური საკითხებია, მაგრამ მათი შედეგები ძალიან სწრაფად გადადის ეკონომიკაში, შესაბამისად, ინვესტორთა ქცევაშიც. დღეს ამას განსაკუთრებით კარგად ვხედავთ ახლო აღმოსავლეთის მაგალითზე: სამხედრო დაპირისპირება გავლენას ახდენს ენერგორესურსების ფასებზე, გადაზიდვებზე, ვაჭრობის მარშრუტებსა და, საბოლოოდ, ინვესტორის გადაწყვეტილებებზე. სწორედ ეს კავშირი იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო – თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებს ადამიანთა ქცევაზე, მასშტაბურ კონტექსტში.
– და მაინც, გლობალურ პროცესებს რამდენად დიდი გავლენა აქვს საერთაშორისო ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე?
– დღესდღეობით, გლობალიზაციის პერიოდში, რასაკვირველია, უდიდესი გავლენა აქვს, ვინაიდან ამ ორის ერთმანეთისგან გამიჯვნა, ჩემი აზრით, უკვე თითქმის შეუძლებელია. ომი, სანქციები, სავაჭრო შეზღუდვები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ახალი სატრანსპორტო მარშრუტები – ეს ყველაფერი საბოლოოდ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში აისახება. ხშირად გვგონია, რომ გეოპოლიტიკა სადღაც შორს, სახელმწიფოთა დონეზე ხდება, სინამდვილეში კი მისი შედეგი შეიძლება მეორე დღესვე ვნახოთ ნავთობის ფასში, პროდუქტის ღირებულებაში ან კონკრეტული ქვეყნის მიმართ ინვესტორის დამოკიდებულებაში. გეოპოლიტიკა შეიძლება რუკაზე იწყებოდეს, მაგრამ მისი შედეგები ეკონომიკაში მთავრდება.
– მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებისა და გაურკვევლობის ფონზე, რა ძირითადი ცვლილებები იკვეთება საერთაშორისო ბაზრებზე?
–
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, ჩემი აზრით, არის ის, რომ რისკი თავად გახდა ეკონომიკური ფაქტორი. დღეს კომპანიები და ინვესტორები უკვე მხოლოდ ფასს და მოგების შესაძლებლობას აღარ უყურებენ, მათთვის მნიშვნელოვანია, რამდენად დაცულია მიწოდების ჯაჭვი, რამდენად სტაბილურია ენერგომომარაგება, რა სავაჭრო მარშრუტით გადაადგილდება პროდუქტი და რამდენად შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური გარემო. ახლო აღმოსავლეთის ომმა ეს ძალიან ნათლად აჩვენა – ნავთობის ფასი და ტრანსპორტირების ხარჯები მხოლოდ მიწოდების საკითხი აღარ არის – გეოპოლიტიკური რისკი პირდაპირ ემატება მათ. ოქტომბრის დასაწყისშიც ნავთობი 100 დოლარის ნიშნულზე მაღლა რჩებოდა მიუხედავად იმისა, რომ რეგიონიდან ექსპორტის მოცულობები გარკვეულწილად აღდგა, ამიტომ დღეს ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი სიტყვა არის გამძლეობა – რამდენად შეუძლია კომპანიას ან ქვეყანას გაუძლოს მოულოდნელ შოკს და გააგრძელოს ფუნქციონირება. დღეს ბაზარზე ყველაზე ძვირი შეცდომა რისკების მენეჯმენტის საკითხია.
– როდესაც ინვესტორი კონკრეტულ გადაწყვეტილებას იღებს, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და საერთაშორისო ურთიერთობები?
– ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ კარგი მდებარეობა საკმარისი არ არის. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში ევროპასა და აზიას შორის მდებარეობა, უდავოდ, დიდი უპირატესობაა, მაგრამ ინვესტორს აინტერესებს, შეუძლია თუ არა ქვეყანას ამ მდებარეობის რეალურ ეკონომიკურ ღირებულებად გადაქცევა. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურა, სტაბილური ინსტიტუტები, საერთაშორისო პარტნიორები და, რაც მთავარია, პროგნოზირებადი გარემო. მარტივად რომ ავხსნათ, რუკაზე კარგი მდებარეობა შესაძლებლობაა, კარგი პოლიტიკა კი – მისი გამოყენების ინსტრუმენტი.
– ამ გეოპოლიტიკურ რეალობაში რა შესაძლებლობები და გამოწვევები აქვს საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულებას?
– საქართველოს შემთხვევაში ერთ საინტერესო პარადოქსს ვხედავ: ქვეყნის ყველაზე დიდი შესაძლებლობა ერთდროულად ყველაზე დიდი გამოწვევაც არის და ეს არის ჩვენი მდებარეობა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან საინტერესო ადგილას მდებარეობს. შავი ზღვა, კავკასია, ევროპასა და აზიას შორის კავშირი – ეს ყველაფერი დღეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მსოფლიო ცდილობს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციას. ამის კარგი მაგალითია ტრანსკასპიური დერეფანი – ევროკავშირის მონაცემებით, ამ მარშრუტზე ვაჭრობა 2022 წლის შემდეგ ოთხჯერ გაიზარდა, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. მაგრამ აქ არის მეორე მხარეც: თუ საქართველო მხოლოდ დამაკავშირებელ გზად დარჩა, ჩვენ ამ შესაძლებლობის მხოლოდ ნაწილს გამოვიყენებთ. ჩემი აზრით, ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ის, რომ ტვირთმა საქართველოზე გაიაროს, არამედ ის, რომ ღირებულება საქართველოშივე შეიქმნას – ლოგისტიკაში, წარმოებაში, ტექნოლოგიებში, მომსახურებებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. 2026 წელს მსოფლიო ბანკმა საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის 372 მილიონი დოლარის პროექტი დაამტკიცა, რომლის მიზანიც სწორედ ქვეყნის როლის გაძლიერებაა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ დერეფანში. საბოლოოდ კი, ეს ყოველივე იქამდე დაიყვანება, თუ რამდენად ჭკვიანურად გამოვიყენებთ მას.
– საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო მდებარეობა რამდენად შეიძლება იქცეს ქვეყნის ეკონომიკურ უპირატესობად რეგიონში?
– აბსოლუტურად. მაგრამ აქ ერთი განსხვავებაა, რომელსაც მე ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ. ტრანზიტული ქვეყანა ისაა, რომელსაც უბრალოდ გაივლიან, ეკონომიკური ჰაბი კი ის ქვეყანაა, სადაც ჩერდებიან. თუ ტვირთი საქართველოში შემოვა, აქ დამუშავდება, შეინახება, დაფინანსდება, დაზღვევა, ლოგისტიკა და სხვა მომსახურება საქართველოშივე შეიქმნება – მაშინ უკვე უბრალოდ სატრანზიტო დერეფანზე აღარ ვსაუბრობთ. სწორედ ეს არის, ჩემი აზრით, საქართველოსთვის საინტერესო გრძელვადიანი პერსპექტივა. მსოფლიო ბანკიც აღნიშნავს, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება შეიძლება ქვეყანას რეგიონულ სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. მთავარი არაა, რამდენი ტვირთი გაივლის საქართველოზე. მთავარი ისაა, თუ რა ღირებულება ექნება ამ ყოველივეს.
– აშშ-სა და ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებები როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე?
– პირდაპირ, რადგან საქართველო იმ გლობალური სისტემის ნაწილია, სადაც აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს ბევრად შორსმიმავალი შედეგები აქვს. ევროკავშირი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ამიტომ ევროპასთან ურთიერთობებში არსებული გაურკვევლობა მხოლოდ დიპლომატიური საკითხი არ არის – მას ეკონომიკური და საინვესტიციო განზომილებაც აქვს. IMF-ის 2026 წლის შეფასებაც მიუთითებს, რომ ევროკავშირთან დაძაბულმა ურთიერთობებმა შეიძლება ინვესტორთა განწყობასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე იმოქმედოს. მეორე მხრივ, საქართველო სულ უფრო მეტად ცდილობს საკუთარი ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციას – რეგიონში, ყურის ქვეყნებთან, ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან. პატარა ქვეყნისთვის საერთაშორისო ურთიერთობები ფუფუნება არ არის, ეს ეკონომიკური უსაფრთხოების ნაწილია. ამიტომ საქართველოსთვის მთავარი ამოცანა მგონია არა რომელიმე ერთი მიმართულების არჩევა, არამედ ისეთი საერთაშორისო კავშირების შექმნა, რომლებიც ქვეყანას ერთ კონკრეტულ ცენტრზე დამოკიდებულს არ გახდის.
– დაბოლოს, რა ფაქტორებს უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება ინვესტორმა დღეს, როდესაც გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გარემო ასე სწრაფად იცვლება?
– პირველ რიგში, ინვესტორმა სათანადოდ უნდა შეაფასოს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, პოლიტიკური გარემო, საერთაშორისო ურთიერთობები, ინფრასტრუქტურა, ინსტიტუტები და ისიც, თუ რამდენად შეუძლია ქვეყანას კრიზისების დროს ადაპტირება, იმიტომ, რომ დღეს ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. შეიძლება, ქვეყანა დღეს ძალიან მიმზიდველი ჩანდეს, მაგრამ ინვესტიცია, განსაკუთრებით გრძელვადიანი, ხვალინდელ დღეზეა გათვლილი. ინვესტორი, რომელიც მხოლოდ დღევანდელ მოგებას უყურებს, სპეკულანტს უფრო ჰგავს. კარგი ინვესტორი ცდილობს, გაიგოს, როგორი იქნება გარემო ხუთი ან ათი წლის შემდეგ. საბოლოოდ კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა მაინც ნდობაა. ფული შეიძლება სწრაფად გადაადგილდეს, მაგრამ გრძელვადიანი კაპიტალი იქ მიდის, სადაც მომავლის მიმართ ნდობა არსებობს.

 ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ოქტომბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *