კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – პირველად არ ვისმენთ და არც პირველად ვხედავთ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელთაც არანაირი ფასი არ აქვს
თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია გაუფასურებულია.„პირველად არ ვისმენთ და არც პირველად ვხედავთ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელთაც არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ თუ შევხედავთ ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მიღებულ რეზოლუციებს, ზოგადად, ევროპარლამენტის ფუნქცია არის გაუფასურებული. აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათი ყველა განცხადება და რეზოლუცია გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით, არასამართლიანი დამოკიდებულებით კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მიკერძოებით და პოლიტიკური სპეკულაციებით. შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ან თუნდაც მიღებულ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოზე ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 2026 წლის 8 ოქტომბერს მიიღეს. დოკუმენტი ეხება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას, ხელისუფლების პოლიტიკას და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციებს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 445-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 37, ხოლო 97-მა თავი შეიკავა.