გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
By

გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 26 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. უკანონო ქმედებების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ 2 015 753 ლარი შეადგინა. შესაბამისი მასალები შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით საგამოძიებო უწყებებში უკვე გადაიგზავნა.

სამართალდარღვევათა გეოგრაფია საკმაოდ ფართოა. ყველაზე მეტი – 16 ფაქტი იმერეთში დარეგისტრირდა. მას მოსდევს გურია 15 ფაქტით, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 12, ქვემო ქართლი – 10, აჭარა – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7, შიდა ქართლი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 2, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში უკანონო მოპოვების 1 შემთხვევა გამოვლინდა. ინსპექტირების პროცესში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კანონდამრღვევებს სულ 51 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ წიაღისეულის, კერძოდ, ქვიშა-ხრეშის თვითნებური და უსისტემო მოპოვება მძიმე ეკოლოგიურ შედეგებს იწვევს. პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაცია, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, გრუნტის წყლის დონის კლება, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა და ადგილობრივი ეკოსისტემის განადგურება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის აღკვეთა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში პატრულირებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *