აჭარის 2026 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს აჭარბებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. განახლებული დოკუმენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ წარადგინა.

კორექტირებული მონაცემებით, რეგიონის 2026 წლის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელმა 1 002 000 000 ლარს მიაღწია, ხოლო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა 971 795 700 ლარად განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ შემოსავლების ნაწილი 42 მილიონი ლარით გაიზარდა და 858 795 700 ლარს შეადგენს.
შემოსავლების ზრდის მთავარი წყარო საშემოსავლო გადასახადის მაღალი აქტივობაა. ფაქტობრივი და მოსალოდნელი შესრულების გათვალისწინებით, პირველად დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, საშემოსავლო გადასახადი 40 მილიონი ლარით გაიზარდა და წლიურმა საპროგნოზო მაჩვენებელმა 840 მილიონი ლარი შეადგინა.
2026 წლის განახლებული ბიუჯეტის მიხედვით, ასიგნებები მხარჯავ დაწესებულებებზე შემდეგნაირად გადანაწილდა: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 162 393 200 ლარი; განათლებისა და სპორტის სამინისტრო – 119 001 800 ლარი; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 97 000 000 ლარი (ბიუჯეტი 10 მლნ ლარით გაიზარდა); კულტურის სამინისტრო – 52 000 000 ლარი; სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო – 40 939 600 ლარი.
ბიუჯეტის პროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა, ასევე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების წევრებმა უკვე განიხილეს.