ფესტივალი „განდაგანა“ 14-15 ნოემბერს გაიმართება
By

ფესტივალი „განდაგანა“ 14-15 ნოემბერს გაიმართება

14-15 ნოემბერს ბათუმი სოფლის ტურიზმის ტრადიციულ ფესტივალ  „განდაგანას“ უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში ევროპის მოედანი აჭარული სოფლის უნიკალური კულტურით, უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი ნობათით გაცოცხლდება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, წლევანდელ ღონისძიებაზე აქცენტი გაკეთდება აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ოსტატობის წარმოჩენაზე, მოეწყობა სპეციალური კულინარიული სივრცე, სადაც რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კერძებს მოამზადებენ. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებსა და კულინარიულ შეჯიბრებებში.

პარალელურად, მოეწყობა მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც 200-მდე ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული მეწარმე ჩაერთვება. ისინი დამთვალიერებელს ხელნაკეთ ნივთებს, სოფლის ნობათსა და საავტორო კერძებს წარუდგენენ. ფესტივალის მონაწილეთა და სტუმართა სადღესასწაულო განწყობაზე კი როგორც ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები, ისე  მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.

ცნობისთვის, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, 2015 წლიდან იმართება. მისი მთავარი მიზანი აჭარული სოფლის პოპულარიზაცია, ადგილობრივი ტრადიციების წარმოჩენა და რეგიონში ტურიზმის განვითარების სტიმულირებაა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *