შეხვედრა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარების მიზნით
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები დედაქალაქში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრას, რომელიც ბათუმისა და თბილისის საკრებულოების წარმომადგენლებს შორის გაიმართა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, თავმჯდომარის მოადგილეები ლევან ცხოიძე და ლევან დავითაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით მახარაძე, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერიძე და თავმჯდომარის თანაშემწე ნანა დევაძე ესწრებოდნენ .
თბილისის საკრებულოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავმჯდომარის მოადგილეები თინათინ ნიბლოშვილი და ლევან ჯაფარიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე.
საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობის სპეციფიკა, კომისიებისა და მაჟორიტარი წევრების საქმიანობა, მათი უფლებამოსილებები და მოქალაქეებთან ურთიერთობის პრაქტიკა განიხილეს. თბილისის საკრებულოს წევრებმა ბათუმელ კოლეგებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
ივანე მაისურაძის განცხადებით, ორი ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ბათუმის მუნიციპალური მართვის განვითარებისთვის.
„ბათუმი ურბანულად სწრაფად ვითარდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილების გაცნობა, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და იმ მიდგომების შესწავლა, რომელთა გათვალისწინებაც ბათუმის მუნიციპალური მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, — განაცხადა ივანე მაისურაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისის საკრებულოს სხდომასა და კომისიების სხდომებს დაესწრებიან.