„შავი ზღვის თასი“ უნგრეთის „ფერენცვაროშმა“ დაისაკუთრა
საქართველო წყალბურთში 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს
რამდენიმე დღის განმავლობაში მასპინძლობდა ბათუმის საცურაო აუზი საერთაშორისო ტურნირს წყალბურთში „შავი ზღვის თასი“. ეს იყო ამ სახის პირველი ტურნირი და მას ასევე, პირველად უმასპინძლა ახალაშენებულმა საცურაო აუზმა.
გათამაშებაში საქართველოს ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის – „აპოლოსა“ და „დინამო თბილისის“ გარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან საკმაოდ ძლიერი კლუბები მონაწილეობდნენ, მათ შორის: „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „პრო რეკო“ (იტალია), „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), „კაშივაზაკი“ (იაპონია).
ფინალში ერთმანეთს მსოფლიო გრანდები – იტალიური და უნგრული კლუბები შეხვდნენ. უნგრეთის „ფერენცვაროშმა“ ანგარიშით 18:15 მოუგო იტალიის „პრო რეკოს“ და პირველი ადგილი დაისაკუთრა.
ბრინჯაოს მედლებისთვის ერთმანეთს გერმანია და სერბეთი დაუპირისპირდნენ. ანგარიშით – 15 : 13 გერმანიამ მოიგო და მესამე ადგილზე გავიდა.
ჩვენმა „აპოლომ“ ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ქართულმა გუნდმა მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგული „მარსელი“ პენალტების სერიაში, ანგარიშით 16:15 დაამარცხა. „დინამო თბილისმა“ კი მეშვიდე პოზიცია დაიკავა.
მსოფლიოს გრანდებთან შეხვედრები გუნდებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და ახალი გამოწვევებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ტურნირის ფარგლებში კიდევ ერთი ისტორიული სიახლე გახდა ცნობილი, – საქართველო წყალბურთში 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს.
ქართული წყალბურთისთვის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღება საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.
18 ოქტომბერს, ბათუმში, ,,Black Sea International Cup”-ის დასკვნით დღეს, აღნიშნული შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით ოფიციალურად დადასტურდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა, ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ხოსე სილვამ და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა მოაწერეს.
საქართველოში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული წყალბურთის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო სპორტული პოზიციების გაძლიერებისთვის.
სულ მალე ბათუმს საერთაშორისო სტანდარტების ოლიმპიური საცურაო აუზი ოფიციალურად შეემატება. ეს იქნება ახალი სივრცე ცურვისა და წყალბურთის განვითარებისთვის, მეტი შესაძლებლობა ბათუმელებისთვის და ახალი გზა მომავალი ჩემპიონებისთვის.
მანანა ძიძიშვილი