ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური სპექტრის შენარჩუნება ჩვენთვის შესაძლოა უფრო მარტივი გზა ყოფილიყო არჩევნებში გამარჯვებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მომზადებისას „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით კი არა, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებით იხელმძღვანელა. მისი განმარტებით, ხელისუფლების მიზანი პოლიტიკური სისტემისა და დემოკრატიული გარემოს გაჯანსაღებაა.
„მათი დღეები დათვლილია, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სარჩელი წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთ რამეს ვიტყვი, ასევე, ამ სარჩელთან დაკავშირებით. სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება ყოფილიყო უფრო საინტერესო არსებული სპექტრის შენარჩუნება, ყოველ ჯერზე ძალიან მარტივად ვამარცხებთ ამ რადიკალურ გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალას, ე.წ. ოპოზიციას, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა. ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, თუმცა, აქ არ არის მთავარი ჩვენი სუბიექტური ინტერესები, მთავარია ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას 21 ოქტომბერს იწყებს.