პილატესი – მითებისა და რეალობის მიღმა
By

პილატესი – მითებისა და რეალობის მიღმა

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპი სულ უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს ისეთი ფიზიკური აქტივობისკენ, რომელიც არა მხოლოდ სხეულის ფორმის გაუმჯობესებას, არამედ შინაგანი ბალანსისა და სიმშვიდის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. ასეთია პილატესი – ვარჯიშთა სისტემა, რომელიც აერთიანებს ძალას, მოქნილობასა და მიზანმიმართულ სუნთქვას… თუმცა რას გვთავაზობს ეს პოპულარული მიმართულება, რით განსხვავდება სხვა ტიპის ვარჯიშებისგან და რატომ არ უნდა განვსაზღვრავდეთ პროგრესს მხოლოდ გარეგნული ცვლილებებით? – ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე პილატესის მწვრთნელი ანა ბიაძე გვესაუბრება.
–
რა არის პილატესი, ვარჯიში თუ ცხოვრების წესი?
– პილატესი, პირველ რიგში, ფიზიკური ვარჯიშის მეთოდია, რომელიც მოძრაობის კონტროლს, სუნთქვას, კოორდინაციას, ტანის სტაბილურობასა და მოქნილობას აერთიანებს. მას შეუძლია, ადამიანს მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. ცხოვრების წესად ის მაშინ იქცევა, როდესაც ვარჯიშის პრინციპებს ყოველდღიურობაშიც ვიყენებთ, ყურადღებას ვაქცევთ მოძრაობას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა არ მინდა, შევქმნათ შთაბეჭდილება, რომ პილატესი ყველა პრობლემის გადაწყვეტაა. ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ფიზიკური აქტივობა, ძალოვანი ვარჯიში, აერობული დატვირთვა, ძილი და კვებაც. პილატესში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ის ადამიანს საკუთარი სხეულის უკეთ გაცნობაში ეხმარება. ხშირად ვარჯიშს მხოლოდ გარეგნული ცვლილებისთვის ვიწყებთ, მაგრამ პროცესში აღმოვაჩენთ, რომ მნიშვნელოვანია ისიც, როგორ ვმოძრაობთ, როგორ ვინარჩუნებთ წონასწორობას, როგორ ვსუნთქავთ და რამდენად ვაკონტროლებთ საკუთარ მოძრაობებს. მნიშვნელოვანია, ადამიანმა გაიგოს, რატომ ასრულებს კონკრეტულ მოძრაობას, როგორ მოარგოს ის საკუთარ შესაძლებლობებს და როგორ გადაიტანოს მიღებული გამოცდილება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ძლიერი სხეული?
– ძლიერი სხეული ჩემთვის მხოლოდ კუნთოვანი ან ვიზუალურად გამოკვეთილი სხეული არ არის. ძალა ნიშნავს შესაძლებლობას, შეასრულო ყოველდღიური მოქმედებები, იმოძრაო თავდაჯერებულად, განავითარო გამძლეობა და გაუმკლავდე შენთვის შესაბამის ფიზიკურ დატვირთვას. ამასთან, სხეულის შესაძლებლობები იცვლება ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების ეტაპების მიხედვით. ამიტომ ძალის შეფასება მხოლოდ ერთი გარეგნული სტანდარტით არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ საკუთარ სხეულთან თანამშრომლობა და არა მისი მუდმივი კრიტიკა.
– რა არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა პილატესის შესახებ?
– ერთ-ერთი გავრცელებული წარმოდგენა ისაა, რომ პილატესი მარტივი ვარჯიშია, რადგან მოძრაობები ხშირად ნელი და კონტროლირებულია. სინამდვილეში, ნელი მოძრაობა ყოველთვის მარტივს არ ნიშნავს. ვარჯიში შეიძლება საკმაოდ რთული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს სხეულის სტაბილურობის შენარჩუნება და მოძრაობის ზუსტად შესრულება უწევს. მეორე მცდარი წარმოდგენაა, რომ პილატესი მხოლოდ ქალებისთვისაა. მოძრაობის კონტროლი, ძალა, მოქნილობა და წონასწორობა ყველას სჭირდება სქესის მიუხედავად.
– კარგი მწვრთნელი სწორ ტექნიკას უნდა ასწავლიდეს თუ საკუთარი სხეულის მოსმენასაც?
– ცხადია, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორი ტექნიკა ადამიანს უსაფრთხო და მიზანმიმართულ მოძრაობაში ეხმარება, ხოლო საკუთარი სხეულის მოსმენა საშუალებას აძლევს, შეამჩნიოს დაღლილობა, დისკომფორტი და საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები. ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვუხსნი – რისთვის აკეთებენ ამა თუ იმ ვარჯიშს, ვაკვირდები მათ რეაქციებს და საჭიროების შემთხვევაში სავარჯიშოს ვცვლი. ამასთან, სხეულის მოსმენა არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი დისკომფორტი უვნებელია. მწვავე ტკივილი ან უჩვეულო სიმპტომი უგულებელყოფილი არ უნდა იყოს.
– რით განსხვავდება პილატესი ფიტნესდარბაზში ძალოვანი ვარჯიშისგან?
– პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ პილატესიც ფიტნესის ანუ ფიზიკური მომზადების ფართო სფეროს ნაწილია. ამიტომ მათი ერთმანეთისგან სრულად გამიჯვნა სწორი არ იქნება. განსხვავება უფრო მეტად ვარჯიშის მიზნებსა და მეთოდებშია. პილატესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოძრაობის კონტროლს, კოორდინაციას, ტანის სტაბილურობასა და სუნთქვას, ძალოვან ვარჯიშში კი დატვირთვა ხშირად ისე იგეგმება, რომ კუნთის ძალა გაიზარდოს და, შესაბამისი პროგრამისა და კვების პირობებში, კუნთოვანი მასაც. პილატესიც ავითარებს ძალას, მაგრამ ყველა პილატესის პროგრამა არ იძლევა იმავე დატვირთვას, რასაც მიზანმიმართული ძალოვანი პროგრამა. ამიტომ არჩევანი მიზანზე უნდა იყოს დამოკიდებული.
– რომელი მიმართულებაა უფრო ეფექტიანი წონის დასაკლებად?
– წონის დაკლება მხოლოდ ერთი ტიპის ვარჯიშზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია კვება, ყოველდღიური მოძრაობა, ძილი და ისიც, რამდენად ხანგრძლივად ახერხებს ადამიანი არჩეული რეჟიმის შენარჩუნებას. წონის დასაკლებად ენერგიის დეფიციტია საჭირო, ანუ ორგანიზმმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმაზე მეტი ენერგია უნდა დახარჯოს, ვიდრე საკვებიდან იღებს. პილატესი ამ პროცესში შეიძლება დაგვეხმაროს, მაგრამ მხოლოდ პილატესით წონის დაკლების გარანტია არ არსებობს. თუ მიზანი ცხიმოვანი მასის შემცირებაა, პილატესს სიარული, სხვა აერობული აქტივობა, ან ძალოვანი ვარჯიში უნდა შევუთავსოთ.
– თუ ადამიანს კუნთოვანი მასის მომატება სურს, საკმარისია მხოლოდ პილატესი?
– პილატესი კუნთებს ტვირთავს და შეუძლია კუნთოვანი ძალის განვითარება, თუმცა კუნთოვანი მასის მნიშვნელოვანი ზრდისთვის საჭიროა ხშირი, პროგრესული, ძალოვანი დატვირთვა, ისეთი პროგრამა, რომელშიც დატვირთვა დროთა განმავლობაში იზრდება და კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ეს არ ნიშნავს, რომ პილატესი უსარგებლოა. პირიქით, ის შეიძლება ძალოვან ვარჯიშს ავსებდეს და მოძრაობის კონტროლის განვითარებაში გვეხმარებოდეს.
– რეფორმერ–პილატესი უფრო ეფექტიანია თუ მატ–პილატესი?
– ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. რეფორმერზე ზამბარები და მოძრავი პლატფორმა წინააღმდეგობისა და საყრდენის განსხვავებულ შესაძლებლობებს გვაძლევს, მატ-პილატესში კი ხშირად საკუთარი სხეულის წონასა და ხალიჩაზე შესრულებულ მოძრაობებს ვიყენებთ. რეფორმერ-ფიტნესი ავტომატურად არ ნიშნავს უფრო ეფექტიან ვარჯიშს, ისევე როგორც მატ-პილატესი არ ნიშნავს ნაკლებად ხარისხიან პრაქტიკას. შედეგი დამოკიდებულია სავარჯიშოების შერჩევაზე, დატვირთვაზე, ტექნიკაზე, მწვრთნელის კომპეტენციასა და მოსწავლის მიზანზე. საუკეთესო არჩევანია ის ფორმატი, რომელიც ადამიანს სწორად ვარჯიშის, პროგრესისა და რეგულარულობის შესაძლებლობას აძლევს.
– როგორ ფასდება პროგრესი პილატესში?
– მნიშვნელოვანია, ადამიანი უკეთ აკონტროლებდეს მოძრაობას, ინარჩუნებდეს წონასწორობას, უფრო თავდაჯერებულად ასრულებდეს სავარჯიშოებს და საჭიროების შემთხვევაში უფრო რთულ ვარიანტებზე გადადიოდეს. ასევე, შეიძლება შევაფასოთ მოძრაობის დიაპაზონი, გამძლეობა და კონკრეტული სავარჯიშოს შესრულების ხარისხი. თუ ადამიანს ტკივილი ან ფუნქციური შეზღუდვა აქვს, პროგრესი შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით უნდა შეფასდეს. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ ადამიანი ყოველდღიურ საქმიანობას ნაკლები დაღლილობით ან მეტი კომფორტით ასრულებს.
– შეიძლება თუ არა პილატესისა და ძალოვანი ვარჯიშის შეთავსება?
– რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი კომბინაციაა. ძალოვანი ვარჯიში მიზანმიმართულად ავითარებს ძალას და კუნთოვან მასას, ხოლო პილატესი ადამიანს მოძრაობის კონტროლის, კოორდინაციისა და მოქნილობის განვითარებაში ეხმარება. შეგვიძლია კვირის განმავლობაში ძალოვანი ვარჯიში, პილატესი და სწრაფი სიარული ისე გავანაწილოთ, რომ აღდგენისთვისაც გვქონდეს დრო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ზრდასრულებს რეკომენდაციას აძლევს, კვირაში შეასრულონ, სულ მცირე, 150–300 წუთი ზომიერი ინტენსივობის აერობული აქტივობა და, მინიმუმ, ორ დღეს ჩართონ კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები.
– როგორ უნდა განვასხვაოთ ჯანმრთელი სხეულის ქონის სურვილი გარეგნობით გამოწვეული უკმაყოფილებისგან?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჯანსაღ მიზანს შეიძლება საფუძვლად ედოს სურვილი, რომ უფრო ენერგიულები ვიყოთ, უკეთ ვიმოძრაოთ, გავაძლიეროთ კუნთები, ან გავიუმჯობესოთ გამძლეობა, მაგრამ თუ ადამიანი თავის სხეულს მუდმივად აკრიტიკებს, საკუთარ ღირებულებას წონას უკავშირებს ან ვარჯიშის გამოტოვების გამო თავს დამნაშავედ გრძნობს, მასთან მიზნებისა და მოტივაციის შესახებ უფრო ფრთხილად უნდა ვისაუბროთ. მწვრთნელის მოვალეობა არ არის ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის დიაგნოსტიკა, თუმცა შეგვიძლია, შევქმნათ გარემო, სადაც სხეულს პატივისცემით ვეპყრობით და ადამიანს ვეხმარებით, შედეგი მხოლოდ გარეგნობით არ შეაფასოს.
– რამდენად დიდ გავლენას ახდენს მწვრთნელის სიტყვები ადამიანის თვითშეფასებაზე?
– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვესაუბრებით ადამიანს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვეუბნებოდეთ, რომ მისი სხეული უნდა შევცვალოთ, დავაპატარაოთ, ან იდეალური გავხადოთ. მე უპირატესობას ისეთ უკუკავშირს ვანიჭებ, რომელიც კონკრეტულ უნარსა და პროგრესზეა ორიენტირებული – როცა ადამიანი უკეთ ინარჩუნებს წონასწორობას, უფრო ზუსტად აკონტროლებს მოძრაობას, ან რეგულარულად ესწრება ვარჯიშს. სხეულზე ზრუნვა არ უნდა იყოს საკუთარი თავის დასჯის ფორმა. ჩემი აზრით, კარგი ვარჯიშის კულტურა ჯანმრთელობას, პატივისცემასა და თანმიმდევრულობას უნდა ეფუძნებოდეს.
– რამდენად მართალია, რომ ზურგის ტკივილის დროს პილატესი ყველაზე სასარგებლოა?
– ეს ეფექტი ყველასთვის ერთნაირი არ არის. თუ ადამიანს ზურგი სტკივა, მნიშვნელოვანია გაავანალიზოთ მისი მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან, ან ფიზიოთერაპევტთან თანამშრომლობით შევარჩიოთ დატვირთვა. ძლიერი ან მზარდი ტკივილი, ტრავმა და სხვა სიმპტომები უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. ჩემი, როგორც მწვრთნელის პასუხისმგებლობაა – ადამიანს შესაბამისი მოძრაობა ვასწავლო. სამედიცინო დიაგნოზს ვერ დავსვამ და პილატესით სათანადო მკურნალობას ვერ ჩავანაცვლებთ.
– რატომ გრძნობენ ადამიანები პილატესის შემდეგ ემოციურ შვებასაც?
– დიახ, ზოგი ადამიანი ვარჯიშის შემდეგ სიმშვიდესა და უკეთეს განწყობას აღნიშნავს. ამას შეიძლება ხელს უწყობდეს ფიზიკური აქტივობა, ყურადღების ერთ კონკრეტულ მოქმედებაზე გადატანა, სუნთქვაზე კონცენტრაცია და ყოველდღიური საზრუნავებისგან დროებით განტვირთვა. ვერ ვიტყვით, რომ პილატესი აუცილებლად ამცირებს სტრესს, ან მკურნალობს შფოთვით აშლილობასა თუ დეპრესიას. ფიზიკურ აქტივობას, ზოგადად, აქვს ფსიქიკურ მდგომარეობაზე დადებითი ეფექტია, მაგრამ ინდივიდუალური გამოცდილება განსხვავებულია..
– რამდენად მნიშვნელოვანია სუნთქვა პილატესში?
– სუნთქვა პილატესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის მოძრაობის რიტმის შენარჩუნებაში, ყურადღების კონცენტრირებასა და სავარჯიშოს კონტროლირებულ შესრულებაში გვეხმარება, თუმცა არ არსებობს ერთი უნივერსალური სუნთქვის წესი, რომელიც ყველა სავარჯიშოსა და ნებისმიერ ადამიანზე ერთნაირად უნდა გავრცელდეს. მნიშვნელოვანია, ადამიანმა სუნთქვა არ შეიკავოს უნებლიეთ და შეძლოს მოძრაობის შესრულება ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. ჩემი მიზანია, მოსწავლემ სუნთქვა მოძრაობის ბუნებრივ ნაწილად აღიქვას და არა კიდევ ერთ რთულ დავალებად.
– რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც სხეულზე ზრუნვისას უშვებენ?
– ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა სწრაფი შედეგის მოლოდინი და საკუთარი თავის სხვებთან შედარება. ადამიანები ხშირად ხედავენ სხვის საბოლოო შედეგს, მაგრამ არ იციან, რამდენი დრო, რა პირობები და რა განსხვავებული საწყისი შესაძლებლობები იდგა მის უკან. კიდევ ერთი შეცდომაა ვარჯიშის მხოლოდ გარეგნულ ცვლილებებთან დაკავშირება. სხეულის შესაძლებლობების განვითარება, რეგულარული მოძრაობა და უკეთესი ფუნქციური მდგომარეობაც მნიშვნელოვანი შედეგებია. საკუთარ სხეულზე ზრუნვა არ უნდა იყოს მოკლევადიანი პროექტი. უფრო მნიშვნელოვანია ისეთი ჩვევების ჩამოყალიბება, რომელთა შენარჩუნებასაც ხანგრძლივად შევძლებთ.
– რას ეტყოდით მათ, ვისაც ვარჯიში უნდათ, მაგრამ ეშინიათ, რომ საკმარისად მოქნილები არ არიან?
– ვეტყოდი, რომ ვარჯიშის დასაწყებად დიდი მოქნილობა აუცილებელი არ არის. პილატესის სავარჯიშოები შეიძლება განსხვავებულ შესაძლებლობებს მოვარგოთ და მარტივი ვარიანტებით დავიწყოთ. ადამიანი არ უნდა ადარებდეს საკუთარ პირველ გაკვეთილს სხვისი მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგს. ყველა სხეული განსხვავებულია და მოძრაობის დიაპაზონიც ინდივიდუალურია. მთავარია, ვარჯიში იყოს მისთვის შესაფერისი, შესრულდეს კონტროლირებულად და არ იწვევდეს ტკივილს, პროგრესი კი დროთა განმავლობაში შეფასდება.
– თქვენი აზრით, რატომ გახდა პილატესი ასეთი პოპულარული?
– ვფიქრობ, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ადამიანებს სულ უფრო მეტად აინტერესებთ ჯანმრთელობა, მოძრაობის ხარისხი და ისეთი ვარჯიშები, რომელთა საკუთარ ყოველდღიურობაში ჩართვაც შეუძლიათ. მეორე ფაქტორია სოციალური მედია, რომელმაც პილატესი ფართო აუდიტორიას გააცნო, თუმცა პოპულარობა და ეფექტიანობა ერთი და იგივე არ არის. ის, რომ რომელიმე ვარჯიში მოდური გახდა, ავტომატურად არ ადასტურებს მის უპირატესობას სხვა მეთოდებთან შედარებით. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ადამიანმა გააცნობიეროს, რატომ ირჩევს პილატესს და შეესაბამება თუ არა ეს არჩევანი მის მიზნებს.
– თქვენი აზრით, რა აკლია ბათუმს ჯანსაღი ცხოვრების კულტურის განვითარებისთვის?
– ალბათ, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ხარისხიანი სავარჯიშო სივრცეების ხელმისაწვდომობას, ისე ფიზიკური აქტივობის შესახებ სწორ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი მხოლოდ სპორტდარბაზში სიარულს არ ნიშნავს. მასში შედის ყოველდღიური სიარული, აქტიური გადაადგილება, ძალოვანი და აერობული ვარჯიში და ისეთი პრაქტიკებიც, რომლებიც მოძრაობის ხარისხს ავითარებს.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *