„ამ ქვეყანას ბუნებრივი რესურსების განვითარების გამორჩეული გზა აქვს“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტომ“ (MTA) და ფრანგულმა კომპანიამ Grand Massif Domaines Skiables (GMDS) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელი საფრანგეთის საელჩოში ,,მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ და ,,გრან მასიფის“ გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა მოაწერეს. შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
,,ჩემთვის დიდი პატივია ჩვენი ორი სამთო სააგენტოს მასპინძლობა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ თავადაც მთიანი რეგიონიდან ვარ და ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის, რასაც მთა საქართველოში განასახიერებს: ქვეყანას, რომელიც მთასავით მყარად დგას, ღრმად არის ფესვგადგმული საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაში და, ამავდროულად, მთასავით მაღლა, ცისკენ, თავისუფლებისა და თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის. ამ ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს მთის მიმართულებით და ბუნებრივი რესურსების განვითარების გამორჩეული გზა აქვს. ამ პროცესში ბევრი რამ არის დამოკიდებული როგორც ბუნებრივი რესურსების მართვაზე, ისე საქართველოს სასოფლო ტერიტორიების მართვასა და განვითარებაზე. ჩვენ კი გვინდა, ამ ისტორიის ნაწილი ვიყოთ“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულეფლებიანმა ელჩმა ოლივიე კურტომ.