„თუ კარგი ხელოვანია, მას აქვს ამისათვის თავისი საიდუმლო იარაღი“
ჩვენი სახელოვანი თანაქალაქელი, ცნობილი მეცნიერი, ლიტერატურისმცოდნე, პროფესორი შორენა მახაჭაძე უკვე წლებია გულდაგულ იკვლევს თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ საკითხებს, იმ რთულ პროცესებს, რაც ამჟამად ლიტერატურული სამყაროს თანმდევია. მალე ქალბატონი შორენას ახალ წიგნს ვიხილავთ, რომელსაც მან „ლიტერატურული მოზაიკა“ უწოდა. რატომ? ამას თავად გვეტყვის.
– ქალბატონო შორენა, ამას წინათ სასიამოვნო სიახლე შევიტყვეთ – ახალი წიგნით გაახარებთ მკითხველს. ამჯერად რა ფორმისა და შინაარსის იქნება თქვენი წიგნი?
– ეს იქნება საკმაოდ მოზრდილი ფორმატის „ლიტერატურული მოზაიკა“. ასეთი სათაური იმიტომ შევურჩიე, რომ, გარდა აჭარაში მოღვაწე მწერლების შესახებ წერილებისა, მასში შევა ჩემთვის საინტერესო უცხოელ მწერალთა (კამიუ, ფამუქი, შაფაქი…) შესახებ სტატიები, ასევე, ესეები, რეცენზიები და ა.შ. ასე რომ, თემატურ-ჟანრობრივადაც მრავალფეროვანი იქნება.
– აქტიური ლიტერატურული ცხოვრებით გამოირჩევით, საზოგადოების წინაშე თქვენი ყველა გამოსვლა მხარდამჭერებსა და მაქებართ გიმრავლებთ. თქვენი ამ უშრეტი ენერგიის წყარო . . . რა გაძლევთ ძალას?
– უპირველესად, ლიტერატურის სიყვარული და, ტრადიციულად – ჩემი დიდი ოჯახი: შვილები და შვილიშვილები.
– თქვენი ყურადღების არეალში უამრავი მწერალია, ზოგადად, შემოქმედი. . . შეფასებისას რა კრიტერიუმებია მთავარი?
– სხვადასხვა შემოქმედი სხვადასხვაგვარად გიზიდავს. თუ კარგი ხელოვანია, მას აქვს ამისათვის თავისი საიდუმლო იარაღი, ზოგადად კი მიყვარს ნიჭიერი, გულწრფელი და პატრიოტი მწერალი, ვისთვისაც სულერთი არ არის, რომელ ენაზე და ვისთვის წერს, ვის შემოქმედებაშიც ტრადიცია, ის თექვსმეტსაუკუნოვანი უმდიდრესი ფესვებიც ჩანს და თანამედროვეობაც, ის უახლესი და ორიგინალური, რითაც კონკრეტული მწერლის ნაწარმოებია გამორჩეული და ღირებული.
– რესპონდენტებისათვის არაერთხელ დამისვამს კითხვა ლიტერატურული კონკურსების, პრემიების შესახებ, ბევრი არაობიექტურად მიიჩნევს მათ შეფასებას. „დააარსეს პრემია და მიინიჭეს“ – ასეთი სარკაზმიც გაიელვებს ხანდახან. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?
– მართალი გითხრათ, ამ კონკურს-პრემიებთან არანაირი შეხება არ მაქვს, არც როგორც მონაწილეს და არც როგორც ჟიურის წევრს, თუ არ ჩავთვლით ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის კონკურსებს, რომელთა შედეგების ობიექტურობის მიმართ მე პრეტენზიები არ მომისმენია, ზოგადად კი, მიუხედავად კონკურსებთან დაკავშირებული ირონია-სარკაზმისა, მაინც მგონია, რომ ისინი კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით – ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედების მოზიდვისა და სტიმულირებისათვის.
– იშვიათია, ან თითქმის არ ხდება, რომ დედაქალაქელი კრიტიკოსების ყურადღების არეალში მოექცეს ბათუმელი. . . ამ ზღუდის გადასალახავად რას მიიჩნევთ საჭიროდ?
– სხვათა შორის, სწორედ ამ სიცარიელის ამოსავსებად ვწერ, ძირითადად, აჭარაში მოღვაწე მწერლების შესახებ. ახლახან დამთავრდა ლიტერატურული ფესტივალი „შემოდგომის სერენადა“. ვფიქრობ, ამ ფესტივალზე, გარდა მწერლებისა, დედაქალაქელი კრიტიკოსები, ლიტმცოდნენიც უნდა მოვიწვიოთ და გავაცნოთ აჭარაში არსებული ლიტერატურული პროცესები. იქნებ, მაშინ ყინულიც გალხვეს.
– ხშირად მესმის, კრიტიკოსობა უმადური საქმეაო. თქვენი დამოკიდებულება ამ აზრისადმი. . .
– ხშირად მსაყვედურობენ: რატომ არა ვარ კრიტიკული, რატომ არ ვწერ იმის შესახებ, რაც არ მომწონს. საქმე ისაა, რომ, ილიასიც არ იყოს, „პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა მხოლოდ კაცთა, ღვთივ რჩეულთა“, ანუ ან გაქვს ეს ნიჭი, მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა, ან – არა! ჩემი კრიტიკული წერილი უნიჭოს ვერ გაანიჭიერებს, ამიტომ არ ვხარჯავ მათზე დროს. მე ვწერ მხოლოდ იმათ შესახებ, ვის შემოქმედებაშიც ამ ნიჭის ნაპერწკალს მაინც ვხედავ. სხვათა შორის, ნაკლზეც მივუთითებ, მხოლოდ – კეთილგანწყობით. ამასთან ერთად, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მწერლის შემოქმედება და პიროვნება, გარკვეულწილად, თანხვდებოდეს ერთმანეთს, ანუ მხოლოდ ნაწარმოებებში თეორიულად კი არ ქადაგებდეს სიკეთეს, სიყვარულს, პატრიოტიზმს, არამედ თვითონაც იყოს ამ თვისებების მატარებელი.
– მწერლის წარმატებისთვის ციფრული მედიის მიღწევების გათავისება და საჭირო უნარების ფლობა აუცილებელი პირობაა, ამ ფონზე როგორ გამოიყურებიან ჩვენი მწერლები?
– აჭარაში მოღვაწე მწერლები ნებისმიერ ფონზე შესანიშნავად გამოიყურებიან, უფრო მეტიც, მე უკვე რამდენიმე წერილი დავწერე ფბ-პოეზიისა თუ პროზის შესახებ, ვგულისხმობ ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძის მოგონებათა მშვენიერ ციკლს და ბატონ ზურაბ ფირცხალაიშვილის ცინცხალ, თბილ-სევდიან და სიყვარულის უკვდავებას რომ გაჯერებს, ისეთ პოეზიას, რომელთაც სწორედ ფბ-პუბლიკაციებით გავეცანი. ეს წერილებიც შევა ჩემს მომავალ წიგნში.
– საინტერესოა თქვენი შეხედულება აჭარაში განვითარებულ ლიტერატურულ პროცესებზე, რა სიახლით გამოირჩევა ეს პროცესები და ვის მიიჩნევთ მათ ნიჭიერ მონაწილეებად უფრორე – ლიტერატურისმცოდნეობაში?
– აჭარაში, მართლაც, საინტერესო ლიტერატურული ცხოვრება გვაქვს. ეს აქ მოღვაწე უფროსი თუ ახალი თაობის მწერლების ერთობლივი, მე ვიტყოდი, შეხმატკბილებული ურთიერთობა-საქმიანობის შედეგიცაა. ამისათვის კი მადლობა ეკუთვნით, უპირველესად, აჭარის მწერალთა თავკაცს – ბატონ დავით თედორაძეს, მწერალთა სახლის დირექტორს – ქალბატონ ლალი კონცელიძეს და ახალთაობელთა უპირობო ლიდერს, უნიჭიერეს პოეტს – როინ აბუსელიძეს. სხვათა შორის, ახალთაობელთა შემოქმედებაში სრულყოფილად აისახა მეტამოდერნისტული ეპოქის დამახასიათებელი მოტივები: ღმერთის ძიების, ფესვებთან დაბრუნების, „ნეორომანტიზმისა“ და ა.შ. ამის შესახებ არაერთი კვლევა გამოვაქვეყნე.
სხვადასხვა თაობის შემოქმედთა ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ბათუმში უკვე მეოთხედ ჩატარებული, ულამაზესი ფესტივალი „შემოდგომის სერენადა“. ამ ფესტივალის უმნიშვნელოვანესი სიახლე იყო მასში მონაწილე სტუმარ-მასპინძელთა ერთიანი კრებულის გამოცემა და მწერლების ტრადიციად ქცეული შეხვედრები ქალაქის სკოლების მოსწავლეებთან, რომლებსაც, ალბათ, არასოდეს დაავიწყდებათ ქართული სიტყვის ოსტატებთან ეს უშუალო ურთიერთობა.
რაც შეეხება კრიტიკას, აქ უნდა დავასახელო ქალბატონი ჟუჟუნა შაინიძე, შესანიშნავი პოეტი და, იმავდროულად, სხვათა შემოქმედების ობიექტური შემფასებელიც, მისი კრიტიკული წერილების კრებულები: „ცის გახსნის მისტერიები“ და „მარტოობის სამ-ასი წელიწადი“ – ნამდვილად კარგი შენაძენია თანამედროვე ქართული ლიტერატურისმცოდნეობისა. ძალიან მომწონს ბატონ გუგა მგელაძის ესეისტიკაც, რომელსაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ფბ-პუბლიკაციებით ვიცნობ.
– მაინც როგორი ტექსტებია დღესდღეობით უმჯობესი, როგორი სტილია მისაღები. . . თქვენი დაკვირვება ამჟამინდელ ლიტერატურულ პროცესებზე რა დასკვნის საშუალებას იძლევა?
– აქსიომაა: სტილი ეს თვით მწერალია, ამიტომ პოეტი ან პროზაიკოსი, რომელსაც საკუთარი სტილი არ გააჩნია, ვერ იქნება, თუნდაც, ნიჭიერი და კარგი. შესაბამისად, მისაღებია ყველა სტილი, რომელშიც შემოქმედის ორიგინალური ხელწერა ანუ წერის განსაკუთრებული მანერა და, რაც მთავარია, მისი მსოფლხედვა საუკეთესოდ ჩანს, რომლითაც ის ყველასგან განსხვავებულად გამოხატავს საკუთარ ემოციებს, მისწრაფებებს, რომლითაც ყველაზე უკეთ ახერხებს მკითხველში თანაგანცდის გამოწვევას. დოჩანაშვილისაც არ იყოს, თუ ნაწარმოების ან, თუნდაც, ერთი სტროფის, ერთი აბზაცის წაკითხვამ „დაგბურძგლა“, ე.ი. მწერალმა მიაგნო თავისი სათქმელის მაქსიმალურად ზუსტად გამოხატვის სტილს და ის შემდგარი ხელოვანია.
– თქვენი სამაგიდო წიგნი. . . პერსონაჟი, ვისთანაც გასაუბრებას ისურვებდით. მაინც, უპირველესად, რას ჰკითხავდით?
– „ვეფხისტყაოსანი“ – აგერ უკვე ნახევარი საუკუნის მანძილზე. მოგეხსენებათ, რუსთველოლოგიას ვასწავლიდი ბათუმის უნივერსიტეტში, შვილიშვილთან – კობა ჟღენტთან ერთად მობილური აპლიკაციაც შევქმენით, რათა ახალგაზრდებისთვის გაგვეადვილებინა ჩვენი იდენტობის გამომხატველი უპირველესი ქართული ტექსტის გაგება-ათვისება, ასე რომ, პროფესიულადაც და ესთეტიკურ-ემოციური სიამოვნების მიღების მიზნითაც, უკეთესი ნაწარმოები მსოფლიო ლიტერატურაში არ მეგულება. „ვეფხისტყაოსანი“, როგორც გენიალური ნაწარმოები უაღრესად თანამედროვეა და ჩემს უსაყვარლეს პერსონაჟს – ავთანდილს ვკითხავდი: როდის ჩასწვდებიან და გაითავისებენ ქართველები ელემენტარულ ჭეშმარიტებას:
„ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად!“
როდის ვისწავლით ქართველები ერთმანეთის სიყვარულსა და გატანას, თუნდაც – საქართველოს სიყვარულის გარშემო გაერთიანებას, ამის გარეშე ხომ, ფაქტობრივად, ჩვენი სამშობლოს მტრების წისქვილზე ვასხამთ წყალს.
– მწერლის ადგილი და როლი დღევანდელ ვითარებაში. . . როცა ამაზე ფიქრობთ?
– გლობალიზაციის, მულტიკულტურულ და მულტილინგვისტურ ეპოქაში, ჩვენნაირი უზარმაზარი ტრადიციების, კულტურისა და უნიკალური ენის მფლობელთათვის, მწერლის ადგილი და როლი განსაკუთრებულია. უპირველესად, მან უნდა უპატრონოს ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, მან უნდა შემოჰკრას განგაშის ზარებს, თუკი ეროვნულ იდენტობას ანუ „ენას, მამულსა და რწმენას“ საფრთხე დაემუქრება. აჭარაში მოღვაწე მწერლები ამას აკეთებენ და ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეულია ბატონ ვახტანგ ღლონტის პოეტური ხმა, რომელიც ილიასეული შემართებით იბრძვის თავისი მაღალმხატვრული პოეზიით სწორედ ქართული სულიერებისა და იდენტობის შენარჩუნებისათვის. ვფიქრობ, დღეს ქართველი მწერალი, როგორც არასდროს, უნდა იქცეს ერის სულიერ მოძღვრად, სხვაგვარად, გადარჩენა გაგვიჭირდება.
– კითხვა, რომელიც მუდამ თან გდევთ და პასუხი?
– ისევ და ისევ სულმნათ ილიას დავესესხები, ჩვენდა საუბედუროდ, მარადაქტუალურ კითხვას: „მამულო, საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?!“ პასუხსაც ილიასეულს გაგცემთ: „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!“
ლაშა ხომერიკი