რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს
2026 წლის ნოემბრიდან რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსსელხოზნადზორი“) ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათმა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ვეტერინარული პროდუქტების რეგულირების სისტემების გაძლიერების საკითხებზე ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონულ სემინარში, რომელიც 20-22 ოქტომბერს თბილისში გაიმართა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სემინარის ფარგლებში გაიმართა „როსსელხოზნადზორისა“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაფართოება და მეცხოველეობის პროდუქციით ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა, მათ შორის, ორივე ქვეყნის ბაზარზე პროდუქციის ახალი სახეობების დაშვების საკითხი.
„2026 წლის ნოემბრიდან საქართველოს რძის გადამამუშავებელი ორი საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს. საქართველოს კომპეტენტური უწყებისგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა მის მიერ გაცემული გარანტიების აღიარებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოებული კონტროლირებადი პროდუქცია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოთხოვნებს შეესაბამება, აგრეთვე წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის შედეგად, სამსახურმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, რომ შეთანხმდეს ამ საწარმოების მესამე ქვეყნების საწარმოთა რეესტრში შეტანა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი საქართველოს ექვსი საწარმო, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის რუსეთში მიწოდება სურთ. შემოწმებების დროულად ჩატარებისა და დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, ამ კომპანიების თევზის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე შეტანა შესაძლებელი გახდება.