„ჩემი პირველი ნერგი“
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საქართველოს მასშტაბით, საკუთარ სახელზე პირველ ნერგს რგავს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ქვეყნის მასშტაბით, გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. დაიწყო პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“. პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით. ნერგების დარგვის ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც 154-მა პირველკლასელმა თავისი პირველი ხე დარგო. დაირგო 7 სახეობის ნერგი, რომლებიც ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ესენია: კავკასიური ფიჭვი, კავკასიური ცაცხვი, კოლხური ბზა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, პირამიდალური კვიპაროსი, ქართული მუხა და ჰიმალაის კედარი.

პროგრამისთვის სპეციალურად შეიქმნა ვებპლატფორმა – https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, სადაც განთავსებულია ინფორმაცია პროგრამის, ნერგების სახეობებისა და მათი მოვლის წესების შესახებ. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია დარგული ნერგების რეგისტრაცია და მათი ადგილმდებარეობის ნახვა ინტერაქტიულ რუკაზე.
პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.
ინიციატივა აერთიანებს გარემოსდაცვით განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას – საკუთარი პირველი ნერგის დარგვით, ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ ქვეყნის გამწვანებაში, სწავლობენ ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას და საკუთარი წვლილი შეაქვთ ახალი მწვანე სივრცეების შექმნაში.
ნერგის დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება.
თამაზ მგზავრიძე