ბათუმი მე-14 საერთაშორისო აგროგამოფენას მასპინძლობს
დღეს ბათუმში, რიგით მე-14 აგროსასურსათო პროდუქციისა და გამოფენა – AGRO FOOD BATUMI 2026 ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თამჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მინისტრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სართაშორისო გამოფენის ორგანიზატორი ,,ექსპო ბათუმია“, რომელიც წლის განმავლობაში კიდევ ოთხ საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.

,,აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების“ გამოფენის მიზანი რეგიონის აგრარული შესაძლებლობების წარმოჩენა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების ხელშეწყობა, ადგილობრივი და უცხოელი აგრომეწარმეების დაკავშირება და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლებაა. ვიზიტიორები ადგილზე განიხილავენ აჭარის რეგიონში არსებულ ბიზნესსაინვესტიციო გარემოს და აგრარულ სექტორში არსებულ პოტენციალს, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებს, აგრობიზნესის პერსპექტივებსა და გამოწვევებს, ასევე, სოფლად ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებულ ტენდენციებს. გამოფენაში 70-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ისინი სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების, სასმელების, ღვინის, გადამუშავების, აგროტექნოლოგიებისა და აგრობიზნესის სექტორს წარმოადგენენ. დასწრება ყველასთვის თავისუფალია. გელოდებით სპორტის სასახლეში. ხვალ გამოფენა ოფიციალურად დაიხურება“, – გვითხრა საერთაშორისო საგამოფენო კომპანია ,,ექსპო ბათუმის“ დამფუძნებელმა ოსმან მჟავანაძემ.
აგროგამოფენაში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც სტუმრებს საკუთარ პროდუქციას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აცნობენ. გამოფენა ორი დღის განმავლობაში აერთიანებს აგროსექტორში მომუშავე კომპანიებს, ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს, ქმნის გამოცდილების გაზიარების, ახალი კონტაქტებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას.
თითოეულ მონაწილე კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ახალი შესაძლებლობების წარმოჩენასა და დარგის გაძლიერებაში.

„მცირე მეწარმეობა თითქმის ექვსი თვეა, რაც დავიწყეთ, ვაწარმოებთ ,,სახლურ ნუგბარს“, ვამზდებთ სხვადასხვა ტკბილეულს და ცომეულს, გვაქვს განსაკუთრებული ხაზი, რომელიც ქალაქის მასშტაბით იშვიათია – ტკბილეული უშაქრო და გლუტენის გარეშე. დღეს აქ გვაქვს წარმოდგენილი რამდენიმე ვერსია, ნუშის ფქვილით და შვრიის ფანტელით დამზადებული ტკბილეული, ჩეხური ბაქლავა, შავი ადესის ფელამუში, ასევე, სახლური კექსი. აგროგამოფენაზე პირველად ვართ წარმოდგენილი, ძალიან გვიხარია და გვაქვს იმედი, რომ ეს იქნება შესაძლებლობა, მომხმარებელმა უკეთ გაიცნოს ჩვენი პროდუქცია. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ონლაინ შეკვეთებზე, თუმცა პროექტი მუშავდება და მალე ვგეგმავთ საკონდიტროს გახსნას, – გვთხრა ,,სახლური ნუგბარის“ დამფუძნებელმა ნინო ინაიშვილმა.
აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ყველა სტენდი დაათვალიერეს და პირადად ესაუბრნენ კომპანიების წარმომადგენლებს. მთავრობის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს არის შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნო ინოვაციებს სოფლის მეურნეობის დარგში.

„ბათუმში უკვე მეთოთხმეტედ იმართება აგროგამოფენა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. გვიხარია, რომ მონაწილე კომპანიების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. დღეს 70-მდე კომპანიაა წარმოდგენილი, როგორც ხედავთ, ბევრი დაინტერესებული ადამიანიც მოდის. ადგილზე ხდება ახალი შესაძლებლობების გაცნობა, ტექნოლოგიების შესწავლა. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო გარემო, ინოვაციური ტექნოლოგიები, სწორედ ასეთი კომპანიები, რომლებიც თანამედროვე ტიპის ახალ პროდუქციას გვთავაზობენ. ზოგადად, ბათუმს საქმიანის სტატუსი სწორედ ასეთი ღონისძიებების მეშვეობით ენიჭება. წლიდან წლამდე იზრდება საერთაშორისო ღონისძიებების რაოდენობა როგორც აგრო, ასევე ტურისტული მიმართულებით, კონგრესები, სემინარები, დაინტერესება ძალიან მაღალია. როგორც იცით, დღეს ბათუმში შუა აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნით დაინტერესება საკმაოდ დიდია. დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო
გამოფენა ხვალ ოფიციალურად დაიხურება. ყველა მონაწილე კომპანიას სერტიფიკატი გადაეცემა.
ხატია იაშვილი