მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას – დაგეგმილია შეხვედრები ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დღეს ეკონომიკური ფორუმი იწყება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოფიის რიგით მეშვიდე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში ჩაერთვება, რომლის თემაა „ევროპული ერთიანობა გზაჯვარედინზე: ნაციონალიზმი თუ საერთო სტრატეგია?“. ღონისძიებაზე მსოფლიოსა და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე სამომავლო სტრატეგიებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს განიხილავენ.
ბულგარეთში საქართველოს ელჩის ზურაბ ხამაშურიძის განცხადებით, ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. მისივე თქმით, ფორუმი მაღალი დონის ეკონომიკური პლატფორმაა, რომელიც დიალოგის შესაძლებლობას ქმნის მასპინძელი და ევროპის სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისთვის, ბიზნესისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისთვის.
„დღეს დაიწყება საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში. შედგება შეხვედრები ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან, ასევე, შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. საქართველოს ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმში, რომელზეც ის მოწვეული არის სპიკერის რანგში. ეს არის მაღალი დონის ეკონომიკური პლატფორმა დიალოგისთვის, რომელშიც მონაწილეობენ მაღალი დონის პოლიტიკოსები მასპინძელი ქვეყნიდან და ევროპის ქვეყნებიდან, ბიზნესის და სხვა დარგობრივი სფეროების, ინდუსტრიის წარმომადგენლები.
რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გეოპოლიტიკური განვითარებების ფონზე, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. მინისტრს მიეცემა საშუალება, რომ პანელურ დისკუსიაზე ხაზი გაუსვას საქართველოს საკვანძო როლს დაკავშირებადობის, ასევე შუა დერეფნის განვითარების კუთხით. მას, ასევე, მიეცემა საშუალება, ისაუბროს და ხაზი გაუსვას იმ წვლილსა და იმ შენატანს, რომელსაც საქართველო ასრულებს ამ მიმართულებით, ზოგადად, დაკავშირებადობის განვითარების კუთხით.
ორმხრივ შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, თემები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ციფრული დაკავშირებადობა, ტურიზმი, ვაჭრობის განვითარება. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა ვიზიტის კონტექსტს, როდესაც საქართველო თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან, საკვანძო როლს აღმოსავლეთისა და დასავლეთის, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდის, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში“, – განაცხადა ზურაბ ხამაშურიძემ.
სოფიაში ეკონომიკური ფორუმი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით იმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში 250-ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს, მონაწილეთა რაოდენობა კი 1000-ს აღემატება.