კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებად…
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. შეხვედრა, რომელსაც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ტარიელ გიორგაძე უძღვებოდა, მიზნად ისახავს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებს, მოქალაქეთა უფლებებსა და მათი დარღვევის შემთხვევაში სააგენტოსთვის მიმართვის შესაძლებლობებს. გაიმართა ახალი პორტალის ekalata.gov.ge პრეზენტაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის და საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

პორტალის მიზანია ერთიან ელექტრონულ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში თავი მოუყაროს სუპერმარკეტების ქსელების საუკეთესო შემოთავაზებებს და ფასების შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოს მოქალაქეების ინფორმირება და ხელი შეუწყოს მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, რაც მას მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს, ამასთან, მხარს დაუჭერს სექტორში კონკურენციის გაძლიერებას.