მოზარდობის ასაკი: ემოციები, გამოწვევები და მშობლის პასუხისმგებლობა
მოზარდობის ასაკი ემოციური ცვლილებების, თვითმყოფადობის ძიებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის პერიოდია. ამ დროს მოზარდს ხშირად უჭირს საკუთარი განცდების ამოცნობა, გამოხატვა და მართვა. ამ პროცესში სევდა შესაძლოა ბრაზით გამოვლინდეს, შიშმა ჩაკეტილობა გამოიწვიოს, ხოლო თანატოლებისგან მიღების სურვილმა მოზარდი საკუთარი სურვილებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამდეც მიიყვანოს. ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშობლის დამოკიდებულებას, რადგან კრიტიკამ, ზედმეტმა კონტროლმა და ემოციების გაუფასურებამ შესაძლოა მოზარდსა და უფროსს შორის ნდობა შეასუსტოს. როგორ განვასხვაოთ ასაკისთვის დამახასიათებელი ცვლილებები იმ ნიშნებისგან, რომლებიც სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს? როგორ ამოვიცნოთ მოზარდის ქცევის მიღმა არსებული სირთულეები და როგორ შევუქმნათ გარემო, სადაც მას საკუთარი ემოციების გამოხატვის არ შეეშინდება? ამ საკითხებზე ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი, კლინიკური ფსიქოლოგი ნინო დოლიძე გვესაუბრება.

– როგორ გავარჩიოთ მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი ემოციური ცვლილებები იმ მდგომარეობისგან, რომელიც სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს?
– მოზარდობის ასაკში ემოციური ცვლილებები ბუნებრივია. მოზარდი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს, ხშირად შეეცვალოს განწყობა, მეტად მოითხოვოს დამოუკიდებლობა ან პირადი სივრცე, თუმცა მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, რამდენად ხშირი და ინტენსიურია ემოციების მძაფრად გამოხატვა და რა გავლენას ახდენს ეს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგალითად, თუ მოზარდს მეგობართან კონფლიქტის შემდეგ რამდენიმე დღე ცუდი განწყობა აქვს, ეს საგანგაშო არ არის, მაგრამ თუ ხანგრძლივად კარგავს ინტერესს საყვარელი საქმიანობის მიმართ, იზოლირდება, ეცვლება ძილის ან კვების ჩვევები, უჭირს სკოლაში სიარული ან ურთიერთობების შენარჩუნება, ეს უკვე ყურადღებას საჭიროებს. არ არსებობს ერთი კონკრეტული ვადა, რომლის გასვლასაც აუცილებლად უნდა დაველოდოთ. თუ ცვლილება მკვეთრია, ან მოზარდის სრულფასოვან ცხოვრებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს, სპეციალისტთან კონსულტაცია ადრეც მიზანშეწონილია, თვითდაზიანების ან სუიციდის შესახებ საუბარი კი დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.
– რატომ გამოხატავს ზოგიერთი მოზარდი სევდას ან შიშს ბრაზით, გაღიზიანებითა და აგრესიული ქცევით?
– მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ემოციის განცდა, მისი ამოცნობა და გამოხატვა სხვადასხვა უნარია. მოზარდმა შეიძლება იცოდეს, რომ რაღაც აწუხებს, მაგრამ უჭირდეს იმის გარკვევა, კონკრეტულად რას განიცდის. ემოციის გამოხატვის ფორმაზე გავლენას ახდენს გამოცდილებაც. მაგალითად, თუ მოზარდმა ისწავლა, რომ წყენის გამოხატვისას არ უსმენენ, მაგრამ გაბრაზებისას ყურადღებას აქცევენ, შესაძლოა მომავალშიც უფრო ხშირად მიმართოს ბრაზით გამოხატულ ქცევას, თუმცა ბრაზის უკან ყოველთვის სევდა ან შიში არ იმალება. მან ეს ემოციები შეიძლება განიცადოს როგორც ერთდროულად, ასევე თითოეული დამოუკიდებლად. მნიშვნელოვანია კონკრეტული მოზარდის გამოცდილებისა და გარემოებების გათვალისწინება.
– რატომ მალავენ მოზარდები საკუთარ შიშებს და რატომ უჭირთ დახმარების თხოვნა?
– მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მშობლისგან დამოუკიდებლობა, თანატოლების შეფასება და საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენა. ზოგიერთ მოზარდს შეიძლება ეშინოდეს, რომ დახმარების თხოვნა სისუსტედ ჩაეთვლება, ვერ გაუგებენ ან გააკრიტიკებენ. მნიშვნელოვანია წარსული გამოცდილებაც. თუ მოზარდმა ერთხელ გულწრფელად ისაუბრა პრობლემაზე და პასუხად მიიღო გაკიცხვა, დაცინვა ან ზედმეტად მკაცრი რეაქცია, შესაძლოა შემდეგში საუბარს თავი აარიდოს. ამიტომ მშობლის მხრიდან მხოლოდ იმის თქმა, რომ შვილს ყოველთვის შეუძლია მასთან მისვლა, საკმარისი არ არის თუ ეს საკუთარი რეაქციებითაც არ აჩვენა. მოზარდმა უნდა გაიგოს, რომ რთულ თემებზე საუბარი უსაფრთხოა.
– როგორ მოქმედებს მშობლების კრიტიკა და ზედმეტი კონტროლი მოზარდის ემოციურ მდგომარეობასა და თვითშეფასებაზე?
– მოზარდს ერთდროულად სჭირდება მშობლის მხარდაჭერაც და დამოუკიდებლობის განვითარების შესაძლებლობაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ჯანსაღი საზღვრები და ზედმეტი კონტროლი. მუდმივმა კრიტიკამ და სხვებთან შედარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის თვითშეფასებაზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობელი კონკრეტული ქცევის ნაცვლად ბავშვის პიროვნებას აფასებს. მაგალითად, ნაცვლად ფრაზისა „ზარმაცი ხარ“, შეგვიძლია ვუთხრათ: „ბოლო დროს დავალებების შესრულება გიჭირს. მოდი, გავარკვიოთ, რა გიშლის ხელს“. ასევე მნიშვნელოვანია სასურველი ქცევის შემჩნევა. თუ მშობელი მხოლოდ შეცდომებზე რეაგირებს და მოზარდის ძალისხმევას ვერ ამჩნევს, კარგავს შესაძლებლობას, სწორედ ის ქცევები წაახალისოს, რომელთა განვითარებაც სურს. მხოლოდ შეცდომებზე რეაგირება საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია შევამჩნიოთ და წავახალისოთ ისიც, რაც მოზარდს კარგად გამოსდის. მოზარდმა უნდა გაიგოს, რომ შეცდომა სწავლის შემადგენელი ნაწილია და არ განსაზღვრავს პიროვნებას, ასევე მნიშვნელოვანია, მოზარდს შევუქოთ და დავუფასოთ მცდელობები.
– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც მოზარდი იკეტება საკუთარ თავში, საუბარზე უარს ამბობს და ოჯახის წევრებს შინაგანად შორდება?
– მოზარდისგან პირადი სივრცის მოთხოვნილება შეიძლება ბუნებრივიც იყოს. ხანდახან მას, უბრალოდ, დრო სჭირდება, რომ დამშვიდდეს ან საკუთარ ფიქრებში გაერკვეს. თუ მოზარდი საუბარზე უარს ამბობს, დაჟინებული გამოკითხვა ხშირად შედეგს არ გვაძლევს. უმჯობესია, ვუთხრათ: „ვხედავ, რომ ახლა საუბარი არ გინდა, მზად რომ იქნები, მოგისმენ“. ამავდროულად, მშობელმა უნდა შეინარჩუნოს კონტაქტი, შესთავაზოს ერთად დროის გატარება და დააკვირდეს, ხომ არ ახლავს ჩაკეტილობას სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც. მთავარია, მოზარდმა იცოდეს, რომ მშობელი ხელმისაწვდომია მაშინაც, როცა თავად საუბრის დაწყება უჭირს.
– როგორ მოქმედებს ბულინგი და თანატოლებისგან გარიყვა მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და რა ნიშნებით შეიძლება ამის ამოცნობა?
– მოზარდობის ასაკში თანატოლებთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ სისტემატურმა დამცირებამ, დაცინვამ ან გარიყვამ შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს მოზარდის ემოციურ მდგომარეობაზე, თვითშეფასებასა და უსაფრთხოების განცდაზე. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა სკოლაში წასვლისგან თავის არიდება, განწყობის მკვეთრი ცვლილება, მეგობრებთან ურთიერთობის შემცირება, ძილის დარღვევა ან ხშირი ჩივილი თავისა და მუცლის ტკივილზე, თუმცა ეს ნიშნები მხოლოდ ბულინგს არ ახასიათებს, ამიტომ დასკვნების გამოტანამდე მნიშვნელოვანია მოზარდთან მშვიდი საუბარი. თუ ბულინგი დადასტურდა, პასუხისმგებლობა მხოლოდ მოზარდს არ უნდა დავაკისროთ. აუცილებელია სკოლის ჩართულობა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტის დახმარება. – რატომ თანხმდება ზოგიერთი მოზარდი ისეთ ქცევას, რომელიც არ სურს მხოლოდ იმიტომ, რომ თანატოლებისგან აღიარება მოიპოვოს?
– მოზარდობის პერიოდში თანატოლების მოწონებასა და ჯგუფის წევრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აქ ქცევის ანალიზის თვალსაზრისით საინტერესოა სოციალური განმტკიცების როლი. მაგალითად, თუ მოზარდი თანაკლასელის დაცინვაში მონაწილეობს და ამის სანაცვლოდ ჯგუფისგან მოწონებას იღებს, ამ შედეგმა შეიძლება მომავალში მსგავსი ქცევის განმეორებას შეუწყოს ხელი. „სხვებს ნუ აჰყვები“ მხოლოდ ამ მოწოდებით ვერ შემოვიფარგლებით. მოზარდს უნდა ვასწავლოთ უარის თქმა, საკუთარი პოზიციის დაცვა და ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, სადაც ჯგუფში მიღებისთვის საკუთარი ღირებულებების დათმობა არ დასჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმაც შეამჩნიოს და მხარი დაუჭიროს მოზარდის დამოუკიდებელ, გააზრებულ გადაწყვეტილებებს.
– როგორ მოქმედებს აკადემიური მოსწრების წნეხი, მშობლების მოლოდინები და წარუმატებლობის შიში მოზარდის ემოციებზე?
– პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა მოზარდს უჩნდება განცდა, რომ მისი ღირებულება მხოლოდ შეფასებებითა და მიღწევებით განისაზღვრება. ასეთ დროს შეცდომა შეიძლება აღიქვას არა სწავლის ნაწილად, არამედ პირად წარუმატებლობად. ამას შესაძლოა მოჰყვეს შფოთვა, გადაღლა, მოტივაციის დაქვეითება ან რთული დავალებებისგან თავის არიდება. მშობელი არა მხოლოდ მიღებული აკადემიური შედეგით უნდა დაინტერესდეს, არამედ იმ პროცესითაც, რომელსაც მისი შვილი გადის. მაგალითად, შეკითხვას – რა ნიშანი მიიღე? შეგვიძლია დავუმატოთ: – რა გაგიჭირდა? რა გამოგივიდა კარგად? ან – რით შემიძლია დაგეხმარო? მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც შეუძლია მშობლის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და რომ მშობლის მისდამი სიყვარული სკოლის ნიშანზე არ არის დამოკიდებული.
– რა შეიძლება იმალებოდეს მოზარდის აგრესიული ან გამომწვევი ქცევის მიღმა და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?
– ქცევის გამოყენებით ანალიზში, პირველ რიგში, ვცდილობ, გავარკვიო -რა გარემოებებში ვლინდება ეს ქცევა და რა შედეგი მოჰყვება მას. მაგალითად, წარმოიდგინეთ ორი მოზარდი, რომლებიც მშობლის მოთხოვნაზე ყვირილით რეაგირებენ. გარეგნულად მათი ქცევა ერთნაირია, მაგრამ ერთ შემთხვევაში შესაძლოა ყვირილის შედეგად მშობელი მოთხოვნას აუქმებდეს, მეორე შემთხვევაში კი მოზარდი ამ გზით მშობლის ყურადღებას იღებდეს. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან ერთი და იმავე ქცევის შესაცვლელად ყოველთვის ერთი და იგივე მიდგომა არ გამოგვადგება. გარდა ამისა, პრობლემური ქცევის შესამცირებლად, ამ ქცევის ჩაქრობაზე მუშაობის პარალელურად, უნდა ვასწავლოთ მოზარდს, როგორ გამოხატოს უკმაყოფილება, მოითხოვოს შესვენება, დახმარება ან ყურადღება მისაღები ფორმით. შემდეგ კი, განვუმტკიცოთ ალტერნატიული, სოციალურად მისაღები ქცევა.
– რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ მოზარდი უარს ამბობს ფსიქოლოგთან მისვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს?
– პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რატომ ამბობს უარს. შესაძლოა ეშინოდეს, თანატოლებმა რაიმე იარლიყი არ მიაკრან, ან არ იცოდეს, რას უნდა ელოდოს კონსულტაციაზე, ან არ სურდეს პირად საკითხებზე უცხო ადამიანთან საუბარი. სასარგებლოა, ავუხსნათ, რომ ფსიქოლოგთან მისვლა დასჯა არ არის და დახმარების მიღება სისუსტეს არ ნიშნავს. შესაძლებლობის შემთხვევაში, მოზარდს შეიძლება მივცეთ არჩევანი – მაგალითად, თავად მიიღოს მონაწილეობა სპეციალისტის შერჩევაში, ან თავდაპირველად მხოლოდ გაცნობითი შეხვედრა ჰქონდეს. მშობელს შეუძლია თავადაც მიმართოს სპეციალისტს, რათა მიიღოს რეკომენდაციები, როგორ დაეხმაროს შვილს, თუმცა თუ არსებობს თვითდაზიანების, სუიციდის ან სხვა საფრთხის ნიშნები, მოზარდის თანხმობას ვერ დაველოდებით, აუცილებელია დროული პროფესიული ან გადაუდებელი დახმარება.
– როგორ უნდა ვასწავლოთ მოზარდს ძლიერი ემოციების მართვა ისე, რომ მან საკუთარი გრძნობები არ დათრგუნოს?
– პირველ რიგში, უნდა განვასხვაოთ ემოცია და ქცევა. ყველა ემოცია ბუნებრივია, მაგრამ ყველა ქცევა მისაღები არ არის. მაგალითად, შეგვიძლია ვუთხრათ: „მესმის, რომ ძალიან გაბრაზებული ხარ, მაგრამ ნივთების სროლა არ შეიძლება. მოდი, ვიფიქროთ, სხვანაირად როგორ შეგიძლია გამოხატო ბრაზი“. ემოციური რეგულაციის სწავლება იწყება ემოციის ამოცნობით. შემდეგ მოზარდს ვეხმარებით შეარჩიოს შესაბამისი სტრატეგია. მაგალითად, დროებით შეწყვიტოს კამათი, დამშვიდდეს, ისაუბროს საკუთარ განცდებზე, ან დახმარება ითხოვოს. აქ მშობლის მაგალითიც მნიშვნელოვანია. თუ უფროსი თავად ყვირილით გამოხატავს გაბრაზებას, მხოლოდ სიტყვიერი ახსნა ნაკლებად ეფექტური იქნება. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს და ვერც იქნება ის, რომ მოზარდმა ემოციები აღარ გამოხატოს. გვინდა, ისწავლოს მათი გამოხატვა საკუთარი თავისა და სხვების დაზიანების გარეშე.
– რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც უფროსები მოზარდთან ურთიერთობისას ემოციებთან დაკავშირებით უშვებენ და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?
– ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როცა უფროსები მოზარდის ემოციური მდგომარეობის გაგების ნაცვლად დაუყოვნებლივ ცდილობენ მის შეჩერებას, შეფასებას ან პრობლემის მოგვარებას, ან მოსმენის შემდეგ აუფასურებენ მას. როცა მოზარდი გვიყვება, რომ რაღაც ეწყინა, ჩვენ ხშირად მაშინვე ვაძლევთ რჩევას, ვუხსნით, რატომ არ უნდა ეწყინოს, ან ვეუბნებით, რომ ეს უმნიშვნელო ამბავია, არადა, მას ამ დროს შეიძლება რჩევა კი არა, მოსმენა და გაგება სჭირდებოდეს. შეგვიძლია უბრალოდ ვკითხოთ: „გინდა, ერთად მოვიფიქროთ გამოსავალი, თუ ახლა, უბრალოდ, მოგისმინო?“ მინდა, მშობლებს ერთი რამ შევახსენო: შვილის რთული ემოციები ჩვენი მტერი არ არის. ეს შესაძლებლობაა, ვაჩვენოთ, რომ ჩვენთან შეუძლია გულწრფელად საუბარი, მაშინაც კი, როცა უჭირს, ბრაზობს ან შეცდომას უშვებს. ნდობა სწორედ ასეთი ურთიერთობებით ყალიბდება. და დავამატებ, ხშირად მშობლები ვახსენებთ შვილებს, რომ მშობლებს პატივისცემით მოგვეპყრონ, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთიერთობა ორმხრივია და კონფლიქტურ სიტუაციებშიც კი ჩვენც პატივისცემით და პიროვნული შეურაცხყოფის გარეშე უნდა მოვექცეთ მას.
მარიამ ხითარიშვილი