„ევროპას საკუთარი კრიზისის გააზრება უჭირს, მაგრამ „ურჩი“ საქართველოსთვის ჭკუის სწავლება არ ავიწყდება“
გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტანალიტიკოს გია აბაშიძესთან, რომელიც საქართველოსა და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
– დაახლოებით ათიოდე დღის წინ, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ „მასშტაბური“ საპროტესტო აქცია – „საქართველო ივანიშვილის გარეშე დააანონსა“, როგორ შეაფასებდით ამ აქციის მასშტაბს?
– მასშტაბი მართლაც საოცარი იყო, 25 ოქტომბერს ნიკა გვარამიას მიერ მანამდე დაანონსებულმა სპექტაკლმა კვლავ აჩვენა, რამდენად აცდენილია მისი პოლიტიკანური ამბიციები რეალობას – საპროტესტოდ „აჩუხჩუხებულ“ თბილისში მან მხოლოდ 300-მდე ნაცაქტივისტის შეკრება შეძლო. გვარამიას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სჯერა, რომ მისი ეპატაჟური ლოზუნგები საკმარისია ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად, მაგრამ პოლიტიკა ტელესტუდია არ არის – ხმის აწევით ეროვნულ ლიდერად ვერ იქცევი, მით უმეტეს, როცა ზურგს სამარცხვინო წარსული, არანაკლებ სამარცხვინო აწმყო და პოლიტიკური მომავლის სრული უპერსპექტივობა გიმძიმებს. „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – ვისი სახელით ლაპარაკობს ნიკა გვარამია? ერთი მუჭა ადეპტების შეკრება მთელი ქვეყნის სახელით საუბრის უფლებას არავის აძლევს. კრებსითი გვარამიების პოლიტიკური ამბიციები უსაზღვროა, მათი პოლიტიკური წონა კი ერთი კორპუსის ეზოს ვერ სცდება. აქცია ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ისახავდა მიზნად. „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს – ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი – ძველი მეთოდი, ახალი ნიღაბი, – მახინჯი იდეოლოგია პროგრესისა და თანამედროვეობის შეფუთვით. ამ უსამშობლო კაცის ლიდერად წამოწევა შემთხვევითი არ არის. სხვებს „პროგრესულობასა“ და ლგბტ+ იდეოლოგიას უქადაგებს, საკუთარ პოზიციაზე საუბარს კი გაურბის. თუ ეს იდეოლოგია ასეთი საამაყოა, რატომ ვერ ბედავს საჯაროდ პასუხის გაცემას? უფლებების დაცვა პროპაგანდისგან განსხვავდება. არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე ზემოქმედება, მორალური ორიენტირების არევა და კონკრეტული იდეოლოგიის თავს მოხვევა თავისუფლება არ არის – ეს მომავალი თაობის ღირებულებებისთვის ბრძოლაა. გვარამიას ლიდერად წამოწევით ამ დღის წესრიგის ნორმალიზებას ცდილობენ – ჯერ პოლიტიკური სახით, შემდეგ – საზოგადოების შეგუებით. მანქურთებს ბიძინა ივანიშვილის გარეშე საქართველო სურთ, რადგან ივანიშვილის პირობებში არსებობს ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, იდენტობისა და ტრადიციების დათმობას არ აპირებს.
– ერთ-ერთ პოსტში წერთ, რომ ევროპას სამოქალაქო ომის საფრთხე ემუქრება. . .
– დიახ, ულტრამემარცხენე ძალებისა და პალესტინის მხარდამჭერი ბლოკის წარმომადგენლები კვლავ გარეთ არიან გამოსული და ქვეყნების დესტაბილიზაციას ცდილობენ, თუმცა ამჯერად ქუჩებში მემარჯვენე ძალებიც გამოჩნდნენ. საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ნიცასა და რუანში გამართულ საპროტესტო აქციებზე, მემარჯვენე და მემარცხენე ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს დაფიქსირდა იტალიაშიც. ევროპული მთავრობები არსებულ ვითარებას თითქოს შეეგუენ და ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებსა და მათ სახიფათო იდეოლოგიებს მეტისმეტად დიდ დათმობებზე წასვლით პასუხობენ. ამავდროულად, ისეთი აქტივისტები, როგორებიც არიან გრეტა თუნბერგი და მისი ყოფილი თანამოაზრეები, მოუწოდებენ ხალხს, საპროტესტო მოძრაობა მთელ ევროპაში გავრცელდეს. შესაძლოა, ამ ყველაფერმა მემარჯვენე და მემარცხენე ძალებს შორის ქუჩებში ძალადობრივი დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავოს. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე.
– ფაქტია, რომ მთავრობებმა ვერცერთი მხარის მიერ წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხზე ვერ უზრუნველყვეს სათანადო რეაგირება, კონკრეტულად რას ითხოვენ დაპირისპირებული მხარეები?
– მემარჯვენე ძალების დღის წესრიგშია საზღვრების კონტროლი, ექსტრემიზმთან ბრძოლა და საზოგადოების დაცვა, ხოლო მემარცხენე ძალები განათლებასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და შეშფოთებას გამოხატავენ. თუ ევროპის მთავრობები დაუყოვნებლივ არ მიიღებენ ზომებს არსებული ვითარების მოსაგვარებლად, კონტინენტი შესაძლოა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
– ევროპის რომელ ქვეყნებშია არეულობა?
– 2026 წლის 24 ოქტომბრის მონაცემებით, პროპალესტინური დემონსტრაციები, აქტიური, ინტენსიური პროტესტები და ზომიერი არეულობები დაფიქსირებულია: ალბანეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, ესპანეთში, ირლანდიაში, იტალიაში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთსა და სერბეთში. ვროპული არეულობის ეპიდემია ევროკრატიის დედაქალაქსაც მოედო — 24 ოქტომბერს ძალადობრივი პროტესტი ბრიუსელის ქუჩებში ისევ აგორდა.
– რა იყო მიზეზი?
– აქციის მთავარი მიზეზი ბელგიის მთავრობის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, მათ შორის, განათლების რეფორმების წინააღმდეგ უკმაყოფილება იყო. პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა, რამდენიმე ადამიანი კი დააკავა. ბრიუსელის ქუჩებში განვითარებული მოვლენები ევროპარლამენტსა და ევროკომისიას თვითშეფასებისკენ უბიძგებს, მაგრამ როგორც საქართველოს მაგალითზე ჩანს, ევროკრატიისთვის დემოკრატიის კრიზისი მხოლოდ ექსპორტზე გასატანი თემაა. ფაქტია, რომ საკუთარ დედაქალაქში თვითკრიტიკის ნაცვლად – სხვებს ასწავლიან ჭკუას
– მარინ ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. რამდენად წარმატებული იქნება მისი საარჩევნო მარათონი?
– ორლეანში მის გამოსვლას დაახლოებით 10 000 მხარდამჭერი დაესწრო. ამ შაბათს, ქვეყნის დიდ ქალაქებში, ასიათასობით (ხელისუფლება ასახელებს 400 000-ზე მეტს, ოპოზიცია – ორჯერ მეტს) ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. პოლიციამ 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ლე პენი მაკრონის ხელისუფლებას სისუსტეში ადანაშაულებს და გამარჯვების შემთხვევაში კანონის უზენაესობის აღდგენას, საყოფაცხოვრებო ენერგიის ხარჯებზე ზედა ზღვრის დაწესებას, გადასახადების შემცირებასა და ევროკავშირის ბიუჯეტში საფრანგეთის შენატანის შეკვეცას ჰპირდება ამომრჩეველს. ის, ასევე, აკრიტიკებს ნატოსა და უკრაინის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლე პენი ლიდერობს – Ipsos-ის მონაცემებით, მას პირველ ტურში ხმების 32–34%-ის მიღება შეუძლია. პროტესტი გრძელდება საფრანგეთში: „ყვითელი ჟილეტები“ ახალ აქციას გეგმავენ, პროფკავშირების გაერთიანება CGT კი 5 ნოემბრიდან გაფიცვების დაწყებას მოითხოვს.
– იტალიაშიც ძალიან დაიძაბა მდგომარეობა. რომელ ქალაქებში მიმდინარეობს აქციები და ახლა რა მდგომარეობაა?
– წინა კვირის მასშტაბური არეულობების შემდეგ, იტალიის უმსხვილეს ქალაქებში უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღეს, თუმცა შეტაკებების თავიდან აცილება ყველგან ვერ მოხერხდა.
რომში – დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში პროპალესტინური და ანტისაომარი მსვლელობა გაიმართა. ვითარება კოლიზეუმთან დაიძაბა, სადაც ნიღბიანმა დემონსტრანტებმა ტერიტორიაზე შეღწევა მოახერხეს. პოლიციამ 43 ახალგაზრდა დააკავა, რომლებსაც ბალაკლავები, ნიღბები და ხელთათმანები აღმოაჩნდათ. ბოლონიაში – მარკონის ქუჩაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რკინიგზის სადგურისკენ მიმავალი დემონსტრანტების შესაკავებლად სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ტურინში – შეტაკებები აურორას კვარტალსა და მოსკას ხიდთან დაფიქსირდა. პოლიციამ ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტა და აქტივისტების შესაკავებლად სპეცსაშუალებები გამოიყენა. მილანში – წინა კვირის მასშტაბური ძარცვისა და ვანდალიზმის შემდეგ, ახლანდელმა აქციამ, ძირითადად, მშვიდობიანად ჩაიარა. ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 500-მდე ჯარისკაცი, სამხედრო ტექნიკა და ვერტმფრენები იყო მობილიზებული, ფუფუნების საგნების მაღაზიები კი შესაძლო თავდასხმების თავიდან ასაცილებლად ფიცრებით დალუქეს. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოზიმ განაცხადა, რომ არავის მიეცემა დაუსჯელად მოქმედების საშუალება და სახელმწიფო დაუყოვნებლივ იმოქმედებს ყველას წინააღმდეგ, ვინც ნიღაბს ამოფარებული შეეცდება თავდასხმებისა და არეულობის მოწყობას.
– პუტინმა აშშ–სა და ჩინეთთან სამმხრივი სამიტის გამართვის იდეა წამოაყენა, რომლის მიზანიც უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განხილვაა. შეხვედრა, სავარაუდოდ, ნოემბერში უნდა გაიმართოს, ზელენსკის მონაწილეობის გარეშე. ამ საკითხზე რა ინფორმაცია გაქვთ?
– ამ ეტაპზე, სამიტის გამართვა და მისი სხვა დეტალები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის. ტრამპი ხმამაღლა აცხადებს, რომ არ სურს რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩამოაშოროს. მანვე გააჟღერა: „მინდა, ომი დასრულდეს“. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში მისი პოზიცია მარტივია: რადგან უკრაინასთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, არ აპირებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდიდან წასვლისკენ უბიძგებს. აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ირანს იმაზე გაცილებით ნაკლებად ეხმარება, ვიდრე შეუძლია, რასაც ხელი არავინ უნდა შეუშალოს. ტრამპი ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ეს დარტყმები დიზელის მსოფლიო ბაზარს აზიანებს და ამერიკელ ფერმერებსა და ბიზნესსაც პრობლემებს უქმნის. ამ დროს კი რუსეთი მსოფლიო ბაზარზე მილიონობით ბარელ დიზელს დაბალ ფასად ყიდის. ტრამპი ზელენსკის იმასაც ედავება, რომ ომის დასრულებას არ ცდილობს. მისი თქმით, უკრაინამ უზარმაზარი ტერიტორიული და ადამიანური დანაკარგები განიცადა, ზელენსკის კი ორი წლის წინ უკეთესი შეთანხმების მიღწევა შეეძლო.
– უკრაინას კი არადა, ევროპასაც არ სწყალობს აშშ-ის პრეზიდენტი. . .
– პრინციპში, ტრამპის ადმინისტრაციის შარშანდელი გაფრთხილება: „ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა“ (რომელსაც ევროპული ელიტა დასცინოდა), სულ უფრო აქტუალურად ჟღერს. 2025 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, ევროპა 20 წელიწადში, ან უფრო ადრეც, შეიძლება „ამოუცნობი“ გახდეს. ვაშინგტონი საფრთხის მთავარ მიზეზებად ასახელებს მასობრივ მიგრაციას, შობადობის კლებას, ეროვნული იდენტობის შესუსტებას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და პოლიტიკური ელიტის დაშორებას საზოგადოებისგან. ამ ყველაფერს ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის დაკარგვაც ემატება. სტრატეგია ევროკავშირსა და სხვა ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებს უკონტროლო მიგრაციის დაშვებასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი ასევე ეჭვქვეშ აყენებს, შეინარჩუნებს თუ არა ევროპის ზოგიერთი ქვეყანა იმ ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციალს, რომელიც მათ აშშ-ის საიმედო მოკავშირეებად დარჩენისთვის სჭირდებათ. დოკუმენტის შეფასებით, ევროპას რუსეთის მიმართ თავდაჯერებულობა აკლია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ქვეყნებს რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა აქვთ. უკრაინის ომის საკითხზე სტრატეგია ზოგიერთი ევროპული მთავრობის მოლოდინებს „არარეალისტურად“ მიიჩნევს. ამასთან, ვაშინგტონი ნატოს მუდმივი გაფართოების შეჩერებასა და ევროპის მიერ საკუთარ თავდაცვაზე მთავარი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დემოგრაფიული პროგნოზიც: დოკუმენტის თანახმად, რამდენიმე ათწლეულში ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის მოსახლეობაში არაევროპული წარმოშობის ადამიანები შეიძლება უმრავლესობად იქცნენ. ამერიკული სტრატეგია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, შეინარჩუნებენ თუ არა ამ ქვეყნების მომავალი თაობები აშშ-თან, ალიანსისადმი დღევანდელ დამოკიდებულებას. ევროკრატია ამ გაფრთხილებებს სარკაზმით შეხვდა, თუმცა სტრატეგიული პროგნოზების უგულებელყოფა ვაშინგტონის მიერ აღწერილ რისკებს ვერ აუქმებს. დემოგრაფიული ცვლილებები, ეკონომიკური სტაგნაცია და საზოგადოების ნდობის შემცირება ხანგრძლივი პროცესებია, რომელთა შედეგების გამოსწორებაც, დაგვიანების შემთხვევაში, გაცილებით რთულდება. პრობლემა ისიცაა, რომ პროფესიონალი ევროპელი სტრატეგებისა და ანალიტიკოსების მიერ დანახული საფრთხეები ყოველთვის ვერ აღწევს ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილების მიმღებთა პოლიტიკურ დღის წესრიგში, საზოგადოების შეშფოთებასა და პოლიტიკური ელიტის პოზიციებს შორის მზარდი უფსკრული კი სულ უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემად იქცევა. შეძლებენ თუ არა ევროპელი ამომრჩევლები არსებული კურსის შეცვლას და პოლიტიკური ელიტის იძულებას, ამ გამოწვევებს რეალური პასუხი გასცეს? ამას კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყნის მომავალი არჩევნები გვიჩვენებს – მიუხედავად იმისა, რამდენად შეეცდება ბრიუსელი არასასურველი განწყობების შეკავებას პოლიტიკური ზეწოლით თუ სხვადასხვა არადემოკრატიული მექანიზმით. ამ ყველაფრის ფონზე, ევროკრატია კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციებითა და შანტაჟით ბრძოლას. ევროჩინოსნებს, როგორც ჩანს, საქართველოსთვის ჭკუის სწავლებაზე მეტი საზრუნავი არ აქვთ, მაშინ როცა საკუთარ კონტინენტზე დაგროვილი პრობლემები სულ უფრო მწვავდება. შედეგი? ევრორეზოლუციები და პოლიტიკური მუქარები ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად აღიქმება არა როგორც ავტორიტეტული გზავნილი, არამედ როგორც პოლიტიკური კლოუნადა. ევროპას საკუთარი კრიზისის გააზრება უჭირს, მაგრამ „ურჩი“ საქართველოსთვის ჭკუის სწავლება არ ავიწყდება.
ირმა ცეცხლაძე