ირაკლი კობახიძე: საქართველო რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის მყარ საფუძველს ქმნის
ფინანსური სექტორის განვითარება, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებად რჩება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე ისაუბრა, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი ესწრება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ქვეყანას რეგიონული ჰაბის ფუნქციის გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს.
„საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ეს ისტორიული როლი ახალ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ქმნის კარგ საფუძველს, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად ვაჭრობის, ლოგისტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, 2021-2025 წლებში საქართველოში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ რვა თვეში, წინასწარი მონაცემებით, ზრდამ 7.6 პროცენტს მიაღწია. ამ დინამიკას მნიშვნელოვნად განაპირობებს მაღალპროდუქტიული დარგების განვითარება, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და საქართველოს რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას.
„დღეს საფინანსო სექტორს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი ადგილი უკავია“, – აღნიშნა პრემიერმა.
საფინანსო სექტორში კონკურენციისა და ინოვაციების განვითარებისთვის მთავრობისა და ეროვნული ბანკის ინიციატივებსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შემუშავდა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩო, ასევე, სტაბილური ვირტუალური აქტივების გამოშვების წესი.
„შედეგად, ბაზარზე უკვე ოპერირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების 40-ზე მეტი პროვაიდერი. ასევე, დაინერგა ღია ბანკინგი და შეიქმნა ციფრული ბანკების ლიცენზირების ჩარჩო, რომლის საფუძველზეც საქართველოში უკვე სამი ციფრული ბანკი ოპერირებს. მათგან ერთი სინგაპურული ინიციატივით დაფუძნდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, განახლდა საგადახდო სისტემები, რაც ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და ფინტექ კომპანიებს ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, ვითარდება რეგიონული ტრანსსასაზღვრო გადახდების პროექტები, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაღრმავებას ემსახურება.
„ეს ნაბიჯები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში თანამედროვე, ინოვაციური და კონკურენტუნარიანი ფინანსური ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის ფინანსური სამიტი, რომელიც გასულ წელს დაარსდა, საერთაშორისო პლატფორმაა და საფინანსო სექტორის, ტექნოლოგიური ინდუსტრიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიების თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network (GFTN).
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება მთავრობის პრიორიტეტია. მისი შეფასებით, სამიტი ხელს შეუწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას.
„მჯერა, სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.