ტრამპი ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აჩერებს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას, რომელიც აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე მოგზაურობის შესაძლებლობას იძლეოდა, – ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „რესპუბლიკელმა“ კანონმდებლებმა გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ პროგრამამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები შექმნას.
შიდა უსაფრთხოების მინისტრ მარკვეინ მალინის გადაწყვეტილება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამოქმედებულ პროგრამას ეხება, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე ვიზის გარეშე, 14 დღემდე ვადით სტუმრობის უფლებას აძლევდა.
გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შეტყობინებაში აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი მიუთითებს რისკებზე, რომ პროგრამამ შესაძლოა ხელი შეუწყოს „სამშობიარო ტურიზმს“, ჯაშუშობასა და მეზობელ კუნძულ გუამზე უკანონო გადასვლას. გუამი აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის მნიშვნელოვანი ცენტრია.
შეჩერება ძალაში შევა 30 ოქტომბერს და შეეხება, როგორც ახალ განმცხადებლებს, ისე იმ მოგზაურებს, რომელთა განაცხადებიც უკვე დამტკიცებულია. პირებს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში უკვე იმყოფებიან შესაბამის ტერიტორიაზე, უფლება ექნებათ, დაასრულონ ნებადართული ყოფნის ვადა, თუმცა მომავალი ვიზიტებისთვის მათ ვიზის აღება დასჭირდებათ.