ირაკლი კობახიძე : განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი პედაგოგებს აკისრიათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები არიან:
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ელისო აბრამიშვილი;
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მირანდა ხაჯიშვილი;
ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ლარცულიანი;
ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნარგიზ თავართქილაძე;
თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ცისანა დოლიძე;
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი გვანცა ჭაბუკიანი;
აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი რუსუდან ლომთაძე;
ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი მზიური შავაძე;
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი იამზე მსხვილიძე;
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი დავით ნიშნიანიძე.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების ღონისძიება საზეიმო კონცერტით დაიხურა.
„ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სისტემის ღრმა და კომპლექსური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწავლის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგების განსაკუთრებული ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა. განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა.
„ პროფესიული დღესასწაული უკვე მეოთხედ აღინიშნება და მოხარული ვარ, რომ მას პირველად მასპინძლობს ჩვენი გამორჩეული საგანმანათლებლო კერა, ჩვენი უძვირფასესი ქალაქი ქუთაისი. მასწავლებლის ეროვნული დღის შემოღება დიდი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება. წლევანდელი ზეიმი სიმბოლურია იმითაც, რომ უკვდავი „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წელი შესრულდა. ამ წიგნით იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ბავშვებს ანბანთან ერთად, სამშობლოს სიყვარული ასწავლა. „დედა ენა“ ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისა და თვითმყოფადობის ცოცხალი ძეგლია. ნიჭიერი ახალგაზრდობის მონდომებასთან ერთად, პედაგოგთა დაუღალავი შრომის დამსახურებაა, რომ გლობალურად საგანმანათლებლო მიღწევების კლების ფონზე, საქართველომ PISA 2025-ის კვლევაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. კვლევის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შედეგების გაუმჯობესების თვალსაზრისით, საქართველო მონაწილე 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. იაკობ გოგებაშვილმა დაგვიტოვა უძვირფასესი მემკვიდრეობა – რწმენა იმისა, რომ ერის მომავალი სკოლასა და მასწავლებელზე დგას. დღეს თქვენ, ჩვენი პედაგოგები, ამ დიდ მისიას ღირსეულად ემსახურებით. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს სახელოვნად გავლილი გზისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ამაგისთვის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს წარმატებები უსურვა.
მასწავლებლებს პროფესიული დღე ასევე, მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
„ყველას გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის მისია, უდიდესი პასუხისმგებლობა და ეროვნული მნიშვნელობის საქმე. მინდა იცოდეთ, ჩვენ გვესმის თქვენი შრომის ფასი, ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ და გვჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარება მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
სამინისტროსა და მასწავლებელს შორის ნდობა და თანამშრომლობა აუცილებელია და მე ამისთვის ყოველთვის მზად ვარ – გისმენთ, რადგან თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა ხდება სკოლაში, რა სჭირდება მოსწავლეს და რა გამოწვევების წინაშე დგას პედაგოგი. იცოდეთ, რომ ჩემი სახით გყავთ ადამიანი, რომელიც თქვენი ინტერესების დამცველი და გვერდში მდგომია“, – მიმართა პედაგოგებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაწესდა. უკვე მეოთხე წელია, გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია: სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი.