ზურაბ პატარაძე: ჩვენი მიზანია, ბათუმი და მთლიანად აჭარა, ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება იყოს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ედნარ ნატარიძესთან ერთად, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს დარგის მიმდინარე მაჩვენებლები და შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადების საკითხები.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აქტიურად გაგრძელდება სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებას.
„ტურიზმის განვითარება ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ბათუმი და მთლიანად აჭარა, ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება იყოს. ამისთვის მნიშვნელოვანია ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება, სამთო-სათხილამურო, კულტურული და საქმიანი ტურიზმის განვითარება“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე. განიხილეს მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდის საკითხები საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ დარგში არსებული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე მონაცემებით, აჭარაში ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. მესამე კვარტალში გაიზარდა როგორც საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, ისე, ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაგეგმილია არაერთი ფესტივალის და ღონისძიების გამართვა, რაც ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს. კურორტ გოდერძიზე მიმდინარეობს ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მზადება და დაგეგმილია ზამთრის ფესტივალი. წლის ბოლოს გაიმართება ტურიზმის დაჯილდოების ცერემონია „მაგნოლია“, რომელზეც წლის საუკეთესო ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები გამოვლინდებიან.
შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერები, განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ.