გივი მიქანაძე ლანჭოუს უნივერსიტეტს ეწვია – საქართველო და ჩინეთი საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტს (Lanzhou University – LZU) ეწვია.
უნივერსიტეტში მინისტრს პარტიის კომიტეტის მდივანმა, პროფესორმა მა სიაოძიემ და უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა იან იონგფინგმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები განიხილეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას, უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაფართოებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას.
აღინიშნა, რომ ლანჭოუს უნივერსიტეტს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, რაც სამომავლო პარტნიორობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
მხარეებმა ასევე განიხილეს ქართულ უნივერსიტეტებში მოქმედი კონფუცის ინსტიტუტების საქმიანობა და მათი განვითარების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა მათ როლზე ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციისა და ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო ლანჭოუს უნივერსიტეტსა და ალტე უნივერსიტეტს შორის კონფუცის ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბებულ მრავალწლიან თანამშრომლობას და მისი სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით გაფართოების პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულ მხარეები სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ლანჭოუს უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.