სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა
24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სარჩელის განხილვა სიახლეს წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაწყვიტა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარედგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae). ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში შეჯამებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის თაობაზე. ამგვარად, დოკუმენტის მიზანია, შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება.