„ბათუმის“ საიუბილეო კონცერტი – ხულოში
By

„ბათუმის“ საიუბილეო კონცერტი – ხულოში

ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის  „კულტურა მთაში“ ფარგლებში. აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დაარსების 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ანსამბლმა მსმენელს მრავალფეროვანი და ემოციური რეპერტუარი შესთავაზა. ქართულმა პოლიფონიამ – ხალხურმა, ქალაქურმა და საესტრადო სიმღერებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

პროექტი „კულტურა მთაში“ აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს მთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ტრადიციული, ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარებას, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერებასა და რეგიონის კულტურული პოტენციალის წარმოჩენას.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხელოვნების მოყვარულები ესწრებოდნენ.

– პროექტის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის განმავლობაში, 20-მდე კულტურული ღონისძიება გაიმართა. პროგრამამ ასობით ხელოვანი და ათასობით მაყურებელი გააერთიანა. ანსამბლ ,,ბათუმის” საიუბილეო კონცერტით 2026 წლის კულტურული პროგრამა დასრულდა, თუმცა იგი მომავალშიც გაგრძელდება. 2027 წელს მაყურებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი, მასშტაბური და საინტერესო კულტურული ღონისძიებები ელოდება, – თქვა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *