ქალაქ ბათუმის №4 საჯარო სკოლას დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სრულად განახლებულ სასკოლო სივრცეში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
„მინდა მივესალმო ყველას, ვინც იზიარებს მთავარ დამოკიდებულებას ჩვენს ცხოვრებაში – სკოლა ადამიანებით და ადამიანები სკოლით. არ შეიძლება ამაზე ძვირფასი აწმყოში რამე შევქმნათ მომავლისთვის. ქედს ვიხრი მეოთხე სკოლის პედკოლექტივის წინაშე, თქვენ არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ მოსწავლეებისთვის მეორე მშობლები ბრძანდებით, როცა მშობლებს სკოლაში მიჰყავთ ბავშვები და სრულყოფილი პიროვნებები გაჰყავთ სკოლიდან სწავლის დასრულების შემდეგ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ყველა მოსწავლე, მასწავლებელი. მშვიდობა და განათლება არ მოეშალოს ჩვენს ისედაც ისტორიულად და კულტურულად ძლიერ, განათლებულ ერს,“ – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრს რეგიონში საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის.
მოწვეულმა სტუმრებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის და მომავალ თაობებს წარმატებები უსურვეს. საიუბილეო საღამოს ფარგლებში სტუმრები სკოლის 90-წლიან ისტორიას გაეცნენ. წარმოდგენილი იყო მუსიკალური, ქორეოგრაფიული, ლიტერატურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის №4 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. 1100 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.