მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცათ
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სასწავლებლისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების ოფიციალურად გადაცემის ცერემონია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, სასწავლებელს იაპონური ბრენდის KAWAI-ს 15 ფორტეპიანო და ერთი როიალი გადაეცა.

პროექტი განხორციელდა იაპონიის მთავრობის კულტურის სფეროში საგრანტო დახმარების (Japanese Grant Assistance for Cultural Grassroots Programs) ფარგლებში.
გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, KAWAI Europa GmbH-ის პრეზიდენტი ნორიკაძუ ტაკადა და საერთაშორისო აღიარების მქონე იაპონელი პიანისტი, მაესტრო ტოშიკი უსუი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სასწავლებლის, კულტურის სფეროსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის განსაკუთრებულ როლს აჭარის მუსიკალური ტრადიციებისა და კულტურული გარემოს ჩამოყალიბებაში. აღინიშნა, რომ ახალი ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიულ განვითარებას, გააძლიერებს რეგიონში მუსიკალური განათლების შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის კულტურული ცხოვრების განვითარებაში.
აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.