ბათუმი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს
By

ბათუმი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

ბათუმში კადეტთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ღონისძიებით,  ჩვენი ქალაქი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურნირს მასპინძლობს,  რომელშიც 21 ქვეყნის 48 ახალგაზრდა მოჭადრაკე ასპარეზობს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის.

ტურნირი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) და საქართველოს  ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და იგი 22 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა. ამავე დღეს გაიმართა პირველი ტური. ჩემპიონატის პირველი საპატიო სვლა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გააკეთა.

ასპარეზობა ექვს კატეგორიაში – 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩატარდება.

კადეტთა მსოფლიო  ჩემპიონატი, რომელსაც სასტუმრო „ბელაჯიო“ მასპინძლობს, წრიული სისტემით, შვიდ ტურად მიმდინარეობს.

საქართველოს სახელით ჩემპიონატში ექვსი მოჭადრაკე ასპარეზობს: მარიამ მიქაძე (1496), ანდრია სარია (1430) – 8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, ლილე სვანაძე (1753), დანიელ სხვიტარიძე (1499) – 10 წლამდე, მარიამ რეხვიაშვილი (1722), ალექსანდრე ღონღაძე (2084) კი 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

საქართველოდან წარმოდგენილ ექვს  სპორტსმენს  შორის ერთი ბათუმელი მოჭადრაკე  – დანიელ სხვიტარიძეა.

ქართველი მონაწილეებიდან პირველ ტურში გამარჯვება  ლილე სვანაძემ  და  ალექსანდრე ღონღაძემ  იზეიმეს.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *