საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
გუშინ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც ტრადიციულია და წელს მეთოთხმეტედ ტარდება. იგი 2013 წელს ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ დააარსა. ღონისძიების ორგანიზატორია მისივე საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, ბათუმის მერია და იაპონიის საელჩო საქართველოში.
ღონისძიების გახსნაზე სიტყვის გამოსვლისას აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა ფესტივალის როლს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის, ქართული მუსიკალური და საშემსრულებლო ტრადიციების პოპულარიზაციის, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენის, მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობის, კულტურული დიპლომატიის გაძლიერებისა და კულტურული ტურიზმის განვითარების პროცესში.
ფესტივალი გალა-კონცერტით გაიხსნა, რომელმაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსები გააერთიანა. მათ მსმენელს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს.
კონცერტში ბათუმის საფესტივალო ორკესტრი (დირიჟორი – დავით მუქერია) და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა (მთავარი ქორმაისტერი – ქეთევან მანელიშვილი, ქორმაისტერი – ლელა დოლიძე), იაპონელი პიანისტი უსუ ტოშიკი მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ხელოვნების მოყვარულები ესწრებოდნენ.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობისკენაა მიმართული. ამისთვის სხვადასხვა მასტეკლასი ტარდება, სადაც საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით ხდება, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ-კრეატიული ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც არაერთხელ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი.
– იაპონელმა პიანისტმა, რომელიც უკვე ძალიან ცნობილია, საინტერესო პროგრამა შემოგვთავაზა, მათ შორის, ვაჟა აზარაშვილის ბრწყინვალე ნაწარმოები. ბათუმის ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კულტურული დიპლომატიაა. ორკესტრმა ძალიან საინტერესო პროგრამა შემოგვთავაზა. მინდა ვთქვა, რომ ბათუმის ფესტივალი, რომელიც ჩვენს ქალაქში მეთოთხმეტედ გაიხსნა, მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
– ამ 14 წლის განმავლობაში ფესტივალი ყოველწლიურად ახალ, მრავალფეროვან პროგრამას გვთავაზობს, სადაც ქართველ ხელოვანებთან ერთად, ცნობილი უცხოელი მუსიკოსები გამოდიან. უდავოდ საინტერესო ფესტივალია, – აღნიშნა მაესტრო დავით მუქერიამ.
საფესტივალო პროგრამის ფარგლებში ჰაიდარ აბაშიძეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „მარადიულნი/ყველაფრიზმი“ ჩვენება გაიმართება (ავტორი – ბერდია კუტუბიძე). ორი დღის განმავლობაში ბათუმის ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში მაესტრო მიშელ სონის საფორტეპიანო მასტერკლასები ჩატარდება. მასტერკლასებს მევიოლინეებისთვის ასევე ჩაატარებს გიორგი ხაინდრავა.
ფესტივალის ბოლო დღეს ბათუმის დრამატული თეატრის სცენა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანს“ დაეთმობა. კონცერტით – „სცენაზეა ოთხი თაობა“, ანსამბლი დაარსებიდან 105 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მანანა ძიძიშვილი