ლურჯი მოცვის სპეციალიზებული წარმოების პირველი საერთაშორისო კონგრესი
By

ლურჯი მოცვის სპეციალიზებული წარმოების პირველი საერთაშორისო კონგრესი

ბათუმი ლურჯი მოცვის სპეციალიზებული წარმოების პირველ საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს.

ღონისძიების მონაწილეებს აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ მიმართა და მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ლურჯი მოცვის წარმოების მნიშვნელობას, რეგიონში აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ლურჯი მოცვის წარმოება აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მზარდი მიმართულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. მისი თქმით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს დარგში თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვას, ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.

კონგრესის ორგანიზატორია ჩილეს საკონსულტაციო კომპანია CASM Blueberries, ხოლო ოფიციალური თანაორგანიზატორი, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია (GBGA). ღონისძიებაში მონაწილეობენ ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქართული და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სპეციალისტები.

სამდღიანი კონგრესი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ერთმანეთს გაუზიარონ ლურჯი მოცვის წარმოების პრაქტიკული გამოცდილება და იმსჯელონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და დარგის განვითარების შესაძლებლობებზე.

ბათუმში გამართული შეხვედრები ქართველ მწარმოებლებს უცხოელ კოლეგებთან პირდაპირი პროფესიული კავშირების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობას აძლევს, უცხოელი მონაწილეები კი გაეცნობიან საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოების გამოცდილებასა და ადგილობრივი კომპანიების საქმიანობას. კონგრესს აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზავა და მირიან ქათამაძე დაესწრნენ.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *