შალვა პაპუაშვილი: უცხოური საინფორმაციო მანიპულირების სამიზნე საქართველო იყო
აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები, რომლებიც USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ საინფორმაციო გავლენის ქსელებს ეხება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოში უცხოური ჩარევის მასშტაბებსა და მექანიზმებს წარმოაჩენს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დოკუმენტებში აღწერილია, როგორ ხდებოდა სასურველი ნარატივების გაძლიერება, არასასურველი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა და სოციალურ ქსელებში ცალკეული გვერდების წაშლა. პაპუაშვილის მტკიცებით, საქართველოში ამ საქმიანობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბრიტანული კომპანია Zinc Network იყო, რომელმაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით ერთიანი ქსელი შექმნა.
„დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელის ერთ-ერთი ფორმალური გამოხატულება იყო „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“.
გასაჯაროებულ შიდა დოკუმენტებში ასევე, შავით თეთრზე არის მითითებული, რომ ქსელის საქმიანობის მიზანი იყო „ადამიანების დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და ქცევის შეცვლა“. საგულისხმოა, რომ ამ საქმიანობის შესაბამისობა USAID-ის უფლებამოსილებასთან კითხვებს, თავად ამერიკული უწყების თანამშრომლებშიც კი წარმოშობდა“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ამ დოკუმენტებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ორგანიზაციების საქმიანობისა და დაფინანსების წყაროების შესწავლას, რომლებიც საარჩევნო პერიოდში სხვადასხვა კამპანიაში მონაწილეობდნენ.
„სწორედ ამ დოკუმენტების კონტექსტში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამ ქსელში ჩართული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ კამპანიებსაც. ვინ იყო მათი დამკვეთი, ვინ აწარმოებდა მათ, რა ფინანსური და ორგანიზაციული კავშირები არსებობდა კამპანიის მონაწილეებს შორის? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა. მით უმეტეს, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების ნაწილი თავად მონაწილეობდა საარჩევნო პროცესის შეფასებაში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ განცხადებას თან ურთავს 2024 წლის 24 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, აღნიშნული ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს. მისი შეფასებით, ვიდეო ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას ადასტურებს, რასაც პაპუაშვილი საერთაშორისო სამართლისა და ქართული კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევს.
„თუმცა, კიდევ უფრო სკანდალურია ის, რომ ამით დასტურდება, ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შექმნილ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქსელის საქმიანობის შესახებ დამატებით მტკიცებულებებს მისი ფეისბუქგვერდიც შეიცავს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროცესებს უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასა და ჩარევასთან აკავშირებს.
„ამ ქსელის ფეისბუქგვერდიც www.facebook.com/infointegritycoalition კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველო უცხოური საინფორმაციო მანიპულირების და ჩარევის გზით, ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი იყო და რომ ამ თავდასხმის უკან USAID-ისთან ერთად, ბრიუსელიც იდგა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.