მიხეილ ყაველაშვილი: ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას
საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე პირველად აღინიშნება. ახალი სახელმწიფოებრივი თარიღის დაწესებასთან დაკავშირებით ეროვნულ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვნელობაზე, ინსტიტუტის განვითარებასა და საარჩევნო მოხელეების პროფესიულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომა ქვეყნის დემოკრატიული წესწყობილების მნიშვნელოვანი საფუძველია.
„ღრმად სიმბოლურია, რომ ამ ახალ სახელმწიფოებრივ ტრადიციას საფუძველს სწორედ აქ, ეროვნულ სასახლეში ვუყრით, იმ ისტორიულ კედლებში, სადაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და მისი სამართლებრივი საძირკველი ჩაიყარა. დღევანდელი დღის დაწესებით, ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ დიდ სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას, ვიცავთ ინსტიტუციურ მეხსიერებას და სათანადოდ ვაფასებთ თითოეული საარჩევნო მოხელის ფასდაუდებელ ღვაწლს.
ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს. არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად, თქვენი უწყება წარმატებით ემსახურება საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე, კანონისადმი და საქმისადმი ურყევ ერთგულებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოებრივი სტაბილურობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების გზასა და განხორციელებულ ტექნოლოგიურ რეფორმებზეც. მისი შეფასებით, დღეს უწყება მოდერნიზებული, საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტია, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიებით, გამჭვირვალე პროცედურებითა და მაღალკვალიფიციური კადრებით გამოირჩევა.
„ელექტრონული სისტემების წარმატებულმა დანერგვამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართულ საარჩევნო ადმინისტრაციას შესწევს უნარი, ურთულესი რეფორმები მაღალი სიზუსტითა და პროფესიონალიზმით განახორციელოს. ეს არის მიღწევა, რომლითაც ჩვენს სახელმწიფოს სამართლიანად შეუძლია იამაყოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც, მისი შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ბოლო წლებში აღმოჩნდა. მან უწყების წარმომადგენლების პროფესიულ სიმტკიცესა და პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.
„განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს თქვენი სიმტკიცე და პრინციპულობა იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც უწყება ბოლო წლებში აღმოჩნდა. ხელოვნურ აჟიოტაჟსა და ცილისწამებას თქვენ დაუპირისპირეთ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, სრული გამჭვირვალობა და უტყუარი ფაქტები, რითაც არა მხოლოდ დაიცავით ინსტიტუტის ღირსება, არამედ კიდევ უფრო განამტკიცეთ მისი ავტორიტეტი.
ძვირფასო მეგობრებო, თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე. ეს დიდი პატივია, ამავდროულად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც. ზეწოლის პირობებში შენარჩუნებული სიმშვიდე, კანონის უზენაესობის ერთგულება და პროფესიული კეთილსინდისიერება არის თქვენი მთავარი ძალა და საზოგადოებრივი ნდობის საფუძველი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებულ პროფესიულ სტანდარტსა და სახელმწიფოებრივ ტრადიციას ახალი თაობაც ღირსეულად გააგრძელებს. მან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პროფესიული დღე კიდევ ერთხელ მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.