ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა
საქართველოსა და სომხეთს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და საერთო გამოწვევებზე მსჯელობდნენ ერევანში მიმდინარე რიგით მე-7 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმზე. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ფორუმის გახსნაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ისაუბრა სამართლებრივი ფორუმის მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის იუსტიციის სისტემის განვითარებისთვის. მისი განცხადებით, გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევებზე მსჯელობა და წარმატებული პრაქტიკის დანერგვა ხელს უწყობს როგორც ინსტიტუციურ განვითარებას, ისე რეგიონში სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
მინისტრმა, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციისა და რეგიონული სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ახალ იდეებს, ერთობლივ ინიციატივებსა და გრძელვადიან პარტნიორობას შეუწყობს ხელს.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ. თემატური სესიები შეეხება იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მართლმსაჯულებაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას.
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. მისი მიზანია იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება და საერთო გამოწვევებზე ერთობლივი მუშაობა.