19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
By

„კვალი“ – ახალი ფესტივალი საავტორო მუსიკის პოპულარიზაციისათვის

ბათუმს ახალი, საავტორო მუსიკის ფესტივალი „კვალი“ შეემატა, რომელიც ადგილობრივ არტისტებს საშუალებას მისცემს, თავიანთი შემოქმედება ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ.
ფესტივალის მიზანია მაღალი ხარისხის მუსიკალური კონცერტების ორგანიზება, ადგილობრივი ხელოვანებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა, მუსიკის მოყვარულთათვის განსხვავებული ჟანრისა და სტილის მუსიკის შეთავაზება.
6 ივლისს, საღამოს შვიდი საათიდან, `რვაფეხასთან~ გელოდებათ გემოვნებიანი მუსიკა და მუსიკოსთა ჯგუფები: ქრაში, catfish-I, lio with ila და bek bekson-ი, ასევე dj ჩიკი, ლათინო მოცეკვავეები – ბავშვთა გუნდი ომარ ყურავას ხელმძღვანელობით და მხატვარი იოსებ ჯორბენაძე, რომელიც ლაივში დახატავს.
ფესტივალის შესახებ გაზეთ „აჭარასთან „ბათუმი ნექსუსის“ დირექტორმა, ფესტივალის დამფუძნებელმა, მუსიკოსმა ნიკო ბერიძემ ისაუბრა.
– აჭარის რეგიონი გამოირჩევა თავისი მუსიკალურობითა და შემოქმედებითი მრავალფეროვნებით. ჩვენი ქალაქი განებივრებულია სხვადასხვა ფესტივალითა და კულტურული აქტივობით, თუმცა დღესდღეობით არა მხოლოდ აჭარაში, არამედ ზოგადად, ქართულ ბაზარზე, დამკვეთების მოთხოვნაა მხოლოდ ჰიტებისა და ე.წ. ქავერ ვერსიების შესრულება, რის გამოც მუსიკოსები ვერ ახერხებენ საკუთარი შემოქმედების წარმოჩენას. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მუსიკალური პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ არტისტებს, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და ის ინდივიდუალური ხელწერა, რაც საავტორო მუსიკას გააჩნია. ფესტივალი ორიენტირებულია მუსიკალურ ექსპერიმენტებზე, ინოვაციურ ჟღერადობებსა და საავტორო შემოქმედების ხელშეწყობაზე. აღნიშნული პროექტის უნიკალურობა ისიცაა, რომ თითოეული არტისტი შეასრულებს არა მხოლოდ უცხოენოვან, არამედ ქართულ ენაზე შექმნილ სიმღერებსაც. შესაბამისად, გარდა საავტორო მუსიკისა, ხელს შევუწყობთ ქართული სიმღერის პოპულარიზებას, ამასთანავე, გაჟღერდება ელექტრონული მუსიკა, რომელიც დატვირთული იქნება ქალაქ ბათუმთან ასოცირებული ხმებითა და ჟღერადობით.
ფესტივალის მთავარი მიზანი საავტორო მუსიკის მასობრივად გარდაქმნა, ადგილობრივი მუსიკოსების, ბენდების მოტივირება, მხარდაჭერა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, რეგიონში კულტურული ცხოვრების უფრო მეტად გამრავალფეროვნება და აჭარის, როგორც კულტურული ჰაბის, კიდევ უფრო გამოკვეთა, ხელოვნებისა და მუსიკის საშუალებით სოციალური და კულტურული ინტეგრაციის გაძლიერებაა.
პროგრამა მოიცავს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს, რომელიც დააკმაყოფილებს ყველანაირი მუსიკალური გემოვნების მქონე მსმენელს და რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც ბენდები, ასევე, ინდივიდუალური შემსრულებლებიც. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ცოცხალი კონცერტი, არტგამოფენები (ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების, მოქანდაკეების, ფოტოგრაფების ექსპოზიციები, პერფორმანსები), შეიქმნება მოსასვენებელი სივრცეები, წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო. ფესტივალი დაგეგმილია ღია ცის ქვეშ, ბათუმის ბულვარში, სადაც დასწრება თავისუფალია. შესაბამისად, იქნება ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტიორების მაქსიმალური ჩართულობა, რაც ფესტივალს მრავალფეროვნებასა და ინტერაქტიულობას შესძენს. ჩატარდება გათამაშებები, რომლებიც შეესაბამება ფესტივალის თემატიკას – გვითხრა ნიკო ბერიძემ.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *