UPR-ის ფარგლებში საქართველო საერთაშორისო პარტნიორების განსხვავებული შეფასებების ცენტრში მოექცა
By

UPR-ის ფარგლებში საქართველო საერთაშორისო პარტნიორების განსხვავებული შეფასებების ცენტრში მოექცა

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში, ჟენევაში გამართულ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო მექანიზმების წევრებმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
გერმანიის პოზიცია გააჟღერა გაეროს ჟენევის ოფისში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა მარი რამბახმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „გერმანია საქართველოში ადამიანის უფლებების სწრაფი გაუარესებით ძალიან შეშფოთებულია“. „ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები გამოიძიოს და დაზარალებულებისთვის სამართლიანობა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია უზრუნველყოს“, – თქვა მან და მოუწოდა საქართველოს, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები. გერმანიის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს უნდა გადახედოს“, ასევე, „გააუქმოს ან შეცვალოს „მაუწყებლობის შესახებ“ და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონებში განხორციელებული ცვლილებები“.

განსხვავებული აქცენტები გააკეთა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა. გაეროს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მესამე მდივანმა რუსლან სტროგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ნაბიჯებს. მისი თქმით, „აღვნიშნავთ თბილისის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისთვის სამართლებრივი საფუძვლების გაძლიერებას, მათ შორის ახალი კანონების მიღებით, რომელთა მიზანი წინა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ციკლის რეკომენდაციების შესრულებაა“. სტროგანოვმა დადებითად შეაფასა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ძალისხმევა და აღნიშნა „ჩვენი რეკომენდაციაა, საქართველომ მისი განხორციელება გააგრძელოს“. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ სისტემაზე და აღნიშნა, რომ „ციხეებში პატიმრების დიდი რაოდენობის საკითხის მოსაგვარებლად დამატებითი ზომებია საჭირო“.
საფრანგეთის პოზიცია გაეროს ჟენევის ოფისში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე კლერ ტუოდემ წარმოადგინა და განაცხადა: „გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი“. ტუოდემ, ასევე, ჩამოთვალა რეკომენდაციები, რომელთა შორისაა „სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფა პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, ასევე – „მედიათავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა“. მისივე თქმით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს „გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებების სრული პატივისცემა“ და „უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებადამცველებისა და ჟურნალისტებისთვის“. საფრანგეთის წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ აუცილებელია „ძალადობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე“, და ლგბტ+ პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხმაურება გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში მერი ლოულორიც. მისი განცხადებით, საქართველოში უფლებადამცველები „დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი არიან“. ლოულორი აღნიშნავს: „2021 წლის ბოლო განხილვის შემდეგ ჩემი მანდატით საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისთვის გაგზავნილ 8 შეტყობინებაზე პასუხი არ მიგვიღია“. იგი იხსენებს 2023 წლის ვიზიტს საქართველოში: „ვიზიტის დროს დავაფიქსირე ადამიანის უფლებებით სარგებლობის სივრცის სერიოზული შევიწროება, მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ადამიანის უფლებადამცველთა რეპრესიები“, – თქვა მან.
მისივე განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგე უფლებადამცველები დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები გახდნენ, ხოლო 2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევის შეჩერების შესახებ „მასობრივი საპროტესტო აქციები და ადამიანის უფლებების სავარაუდო ფართომასშტაბიანი დარღვევები მოჰყვა“. ლოულორი ასევე აკრიტიკებს 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლამდე დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და აცხადებს, რომ ისინი „სერიოზულად ზღუდავს ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლებლობას“.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი“, „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, ასევე, გადახედოს შეკრების, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს. მისი თქმით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს „მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა“ და „დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს“.

  • No Comments
  • იანვარი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *