„კოვიდ-19“ და შინაური ცხოველები – არსებობს თუ არა ინფიცირების საფრთხე?
ხატია იაშვილი 591 98 24 26
ბოლო დროს აქტუალური გახდა კითხვა – ავადდებიან თუ არა შინაური ცხოველები ახალი კორონავირუსით და გადადის თუ არა მათგან „კოვიდ-19“. ოთხი თვის განმავლობაში ასეთი მხოლოდ ერთი ფაქტი დადასტურდა, ისიც ჰონგ-კონგში – კორონავირუსი ძაღლს დაუდგინეს. აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც დაადასტურეს. ჰონგკონგელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობი რჩება, ძაღლი ინფიცირებულია თუ ვირუსის ნიშნები დაბინძურებულ ნივთებთან შეხების გამო გამოუვლინდა. გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, ძაღლი 60 წლის ქალისაა, რომელიც 12 თებერვალს დაინფიცირდა. შემთხვევის შემდეგ ჰონგ-კონგის მთავრობამ გასცა განკარგულება, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ადამიანების შინაური ცხოველები დროებით თავშესაფრებში გადაიყვანონ, სადაც მათ კარანტინში მოათავსებენ და ვეტერინარები დააკვირდებიან, თუმცა მსგავსი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. საკითხის უკეთ გასაცნობად გაზეთი „აჭარა“ ვეტექიმ ალექსანდრე დავითაძეს დაუკავშირდა. მისი კლინიკა დღემდე მუშაობს და ეხმარება ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს.
„დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ „კოვიდ-19“-ით შინაური ცხოველები არ ავადდებიან. საქართველოში და მთელს მსოფლიოში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა – ერთი ინფორმაცია გაჟღერდა, მაგრამ არ არის ბოლომდე დადასტურებული. კატებს, ძაღლებს მაღალი ტემერატურა აქვთ, ამიტომ ამ მხრივ საშიშები არ არიან, აი, მღრღნელები კი რისკჯგუფში შედიან, რადგან დაბალ ტემპერას ატარებენ. მოსახლეობას მოვუწოდებ, მაინც დაიცვან უსაფრთხოების ზომები. სეირნობის შემდეგ შინაურ ცხოველებს გაუწმინდონ თათები და დაიცვან ჰიგიენის ნორმები. გავრცელდა ასეთი ინფორმაციაც, თითქოს ძაღლებს პატრონები შიშის გამო თავშესაფარში აბარებენ, ბათუმში მსგავსი არც ერთი შემთხვევა არ მომხდარა“, – გვითხრა ალექსანდრე დავითაძემ.
ოჯახებში შინაურ ცხოველებს ყველა ვუფრთხილდებით, მაგრამ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქუჩაში, უპატრონოდ დარჩენილი ძაღლები და კატები. ისინი დახმარებას ჩვენგან ელიან. ამ რამდენიმე ხნის წინათ სოციალურ ქსელში გაჩნდა ჯგუფი „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“ , რომლის ადმინისტრატორი, ინგლისური ენის სპეციალისტი, პედაგოგი თეონა ყურშუბაძეა. მას ნახავთ ყველგან, სადაც მზრუნველობამოკლებული ცხოველებია. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, არ ეშინია ინფიცირების, რადგან დანამდვილებით იცის, რომ ვირუსი მათგან არ ვრცელდება. დადის ყოველდღე ქუჩაში საკუთარი მანქანით და აპურებს მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც უკვე ცნობენ და მადლიერებასაც გამოხატავენ.
-ჯგუფის შექმნის იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვნახე რამდენიმე განცხადება – ითხოვდნენ მიუსაფარი ცხოველების დახმარებას ზოგი თანხით, ზოგი – საკვებით. მაშინ არ ვიყავი გაწევრიანებული არც ერთ ჯგუფში და ჩემი კეთილი ნებით ვრიცხავდი იმ თანხას, რისი საშუალებაც მქონდა. მერე, ნელ-ნელა გავიცანი ადამიანები, რომლებიც რეალურად არიან ამ საქმეში ჩართულნი. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანი, ვინც ამას თავობდა, არაკეთილსინდისიერად იქცეოდა, საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა ჩარიცხულ თანხებს. გადავწყვიტე, თავად დამეწყო ზრუნვა მიუსაფარ ძაღლებზე. სოციალურ ქსელში დავაარსე დახურული ჯგუფი, რომელიც უკვე გაფართოვდა. ყველა მეხმარება. ვყიდულობ საკვებს, წამლებს და მეგობრების დახმარებით მათ ვკურნალობ. წარმოიდგინეთ, არ ვიცოდი თუ ჩემს მეგობრებს ირაკლი და ნიკა თოფურიძეებს კლინიკა ჰქონდათ. ისინი უფასო კონსულტაციებით მეხმარებიან, წამლებს უსასყიდლოდ მაძლევენ. მადლობა მათ და კიდევ სხვა კლინიკებს დახმარებისთვის. დღეს ყველაზე მეტად ეს ცხოველებია დასაცავი, – გვითხრა თეონა ყურშუბაძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა, მანამდე კი, 30 იანვარს, „კოვიდ-19“ გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.