„მადლობა ექიმებს, ყველაფერი კარგად იქნება“
ხატია იაშვილი 591 98 24 26
დღეს ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ბანერი, სადაც წერია: ,,მადლობა ექიმებს, ყველაფერი კარგად იქნება“. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ გადაწყვიტა ბანერზე სამადლობელი სიტყვებით დაეფასებინა ჩვენი მედიკოსების მართლაც თავდაუზოგავი შრომა.
– მადლობა ჩვენს სამედიცინო პერსონალს იმისთვის, რომ ძალისხმევას არ იშურებენ თითოეული ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კოვიდ-19-ის დასამარცხებლად ჩვენი ექიმები და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ და ზრუნავენ ყველას ჯანმრთელობაზე, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა ღირსეულ სამედიცინო პერსონალს. ეს მცირედია, რაც მათთვის შეიძლებოდა გაგვეკეთებინა , – გვითხრა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ. აღსამიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი თურქული კომპანია ,,აჭარა ტექსტილი“ ამზადებს პირბადეებს, რითაც უნდა შეივსოს ამ მხრივ არსებული მწვავე დეფიციტი. პირბადეების ნაწილი უკვე დამზადებულია და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა. „აჭარა ტექსტილი“ მომავალშიც გააგრძელებს პირბადეების დამზადებას. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ, წევრ კომპანიებთან ერთად, აჭარაში შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებს ფქვილი და სხვა სასურსათო პროდუქტებიც დაურიგა. ასოციაცია მზად არის, მომავალშიც დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას.
– დავრჩეთ სახლში, რათა შევუმსუბუქოთ ჩვენს ექიმებს პროფესიული მოვალეობის შესრულება,- გვითხრა ბატონმა ოსმანმა