80 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა. ახალი პაციენტი 80 წლამდე ასაკის ქალბატონია, რომელიც ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტური პირია და ის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა.
-ქალბატონს, კონტროლის მიზნით, ჩაუტარდა კვლევა და კოვიდ-19 დაუდასტურდა. მას მსუბუქი ტიპის რესპირაციული ჩივილები აქვს, ამ ეტაპზე არ ვიცით, აქვს თუ არა სხვა თანმდევი დაავადებები, მიმდინარეობს ანამნეზის შეკრება და კლინიკური კვლევები. რაც შეეხება იმ 5 პირს, მათი პასუხი დღის ბოლომდე გვეცოდინება, – გვითხრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ. მისივე თქმით, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებული 9 შემთხვევაა აჭარაში. ყველა მათგანი მკურნალობის კურსს „მედალფას“ ბონის კლინიკაში გადის.
-9 პაციენტიდან, გარდა ერთისა, ყველას მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. 4 პაციენტს აღენიშნება პნევმონია, მაგრამ არ პროგრესირებს ცუდისაკენ. ერთი პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ნიჟარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში ცხელების ცენტრებში 50 ზარი შევიდა, აქედან მხოლოდ 4 გადაამისამართეს ცხელების კლინიკაში. რაც შეეხება საკარანტინე სივრცეს, დაახლოებით, 2 ათასი ადამიანი რჩება, რომლებიც მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან. თვითიზოლაციაში კი დაახლოებით 100-მდე პირია.
ნინო ნიჟარაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე 5 პაციენტის ანალიზს ელოდებიან, რომელთა პასუხებიც დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
-5 პაციენტიდან 4 თვითდინებით შემოვიდა, ერთი კი აეროპორტიდან გადავიყვანეთ გვიან ღამით, – გვითხრა ნინო ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ: გუშინ, გვიან ღამით, ბათუმის აეროპორტში ლონდონიდან სპეცრეისით საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოიყვანეს. როგორც აღვნიშნეთ, ერთი მგზავრი ცხელების კლინიკაშია გადაყვანილი, დანარჩენები კი – საკარანტინე სივრცეში.